საზოგადოება
ივანიშვილის ზარი სუს-ის უფროსთან - რატომ დაამტვრია ყოფილმა პრემიერმა ტელეფონი და რაზე ესაუბრა მას ვაზაგაშვილი

Zvonok-sazog-3საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. გაზეთი „ასავალ-დასავალი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „100%იან სანდო ინფორმაციას“ აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმა ვაზაგაშვილთან მას შემდეგ გადაწყვიტა შეხვედრა, რაც მისმა მეუღლემ - ეკა ხვედელიძემ ტელევიზიით ვაზაგაშვილის პრესკონფერენცია ნახა და მას უთხრა: ბიძინა, როგორც ჩანს ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ამბები ხდება, ასეთი გაცეცხლებული და გამწარებული ვაზაგაშვილი მე ჯერ არ მინახავს“. ივანიშვილმა ვაზაგაშვილთან დასაკავშირებლად ზაქარია ქუცნაშვილს დაურეკა. შეხვედრაზე კი ვაზაგაშვილმა ივანიშვილს სქელტანიანი საქაღალდე და იმ ადამიანების სია წარუდგინა, რომელსაც ის შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა და დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ივანიშვილმა ვაზაგაშვილს ერთი კონკრეტული პირის დასახელება მოსთხოვა. იური ვაზაგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მალხაზ ჩიკვილაძე დაუსახელა. (მალხაზ ჩიკვილაძე გენინსპექციის ყოფილი უფროსის - ვასილ სანოძის მოადგილე იყო და 2009 წლის 9 აპრილის აქციების დროს ის უშიშროების ცნობილ აივანზე იდგა). ყოფილმა პრემიერმა სუს-ის უფროსს მირიან მჭედლიშვილს დაურეკა, რომელმაც ინფორმაციის გადასამოწმებლად 10-15 წუთი ითხოვა, თუმცა მას ივანიშვილმა ეს დრო არ მისცა და უთხრა, რომ პასუხს ტელეფონზე დაელოდებოდა. ცოტა ხანში ვაზაგაშვილის ინფორმაცია დადასტურდა. ამის შემდეგ ალბათ წარმოგიდგენიათ, მკითხველო, ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ გამოვიდა წყობილებიდან და ისე განრისხდა, რომ ტელეფონი, რომლითაც სუს-ის უფროსს - მირიან მჭედლიშვილს ესაუბრებოდა, იატაკზე დაანარცხა და დაფშვნა. მოკლედ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ იური ვაზაგაშვილი არაფერს აჭარბებდა და აღუთქვა- ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენი შვილის მკვლელების საქმე უსწრაფესად გაიხსნას, ყველა დამნაშავე დაისაჯოს და ვინც ამ საქმეშია გარეული - თანამდებობებზე არცერთი არ დარჩება“, - წერს გაზეთი.