საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია.
განახლებული გამოძიების პირობებში, რომელიც მოიცავდა 150-მდე მოწმის დაკითხვას, ათზე მეტი ექსპერტიზის და სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, პროკურატურამ გამოკვეთა ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის მოტივი, აღადგინა ის სურათი, რაც მოხდა 2006 წლის 02 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს და დაადგინა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.
ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი:
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა;
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე;
შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე;
შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი;
სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.
ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.