„კიდევ ერთხელ დაფიქსირდა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთიანი პოზიცია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება რუსეთთან ურთიერთობას, იმ ფაქტს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და ის გაგრძელდება შესაბამისი შედეგის მიღებამდე",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ბერუჩაშვილმა.
როგორც თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო ევროპის უსაფრთხოება ენერგეტიკის სფეროში. ასევე საუბარი შეეხო რიგის სამიტსა და ამ მხრივ არსებულ მოლოდინებს. „საუბარი იყო კონკრეტულ მხარდაჭერასა და შედეგებზე, რაც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა. შეხვედრაზე გაიჟღერა გზავნილმა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას და აგრძელებენ რეფორმებს, უნდა მიიღონ მაქსიმალური მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა ამ მიმართულებით გამოხატა თავისი მხარდაჭერა", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელიასთან. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს.