აფეთქებები თბილისში: არაოფიციალური ვერსია
„ჯავახიშვილის ქუჩაზე, ლეიბორისტული პარტიის ოფისის მომიჯნავე შენობაში მომხდარი აფეთქება ორგანიზებული იყო ბურჯანაძის პარტიის ყოფილ სამხედროთა სპეცჯგუფის მიერ და სწორედ ლეიბორისტებისა და შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული!“ – ეს პარტიის ლიდერის საჯარო განცხადებიდან ამოღებული ციტატა კი არა, არაოფიციალური ვერსიაა, გუშინდელი საღამოდან აქტიურად რომ მუსირებს ქართულ, ვიწროკომპეტენტურ ჯგუფებში.
როგორც საქინფორმს ''სახალხო კრების'' ხელმძღვანელებთან დაახლოებულმა ინკოგნიტო პირმა აცნობა, 25 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე სწორედ ლეიბორისტების „გამოუცხადებლობამ“ (დამსწრე და სოლიდარული ძალის სახითაც კი) განაპირობა საპროტესტო აქციის მარცხი: ნინო ბურჯანაძე და სხვა ლიდერები დღეს ამაზე ცალყბად საუბრობენ, ისევე, როგორც აქციამდე არ ახმაურებდნენ, თუმცა ლეიბორისტების სოლიდური ელექტორატის დიდი იმედი ჰქონდათ.
ეს ჰიპოთეზა დღეს საქინფორმს მოულოდნელად დაუდასტურა კარგად გათვითცნობიერებულმა, შსს-თან დაახლოებულმა და, შესაბამისად, ვინაობის გამჟღავნების არმოსურნე წყარომ: „ამჟამად გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. გამორიცხული არც ეს ვერსიაა. ბოროტმოქმედები ერთი გასროლით ორ კურდღელს იჭერდნენ. ერთის მხრივ, შეიძლება კვლავაც დაადანაშაულო ხელისუფლება ოპოზიციის საწინააღმდეგო პროვოკაციებსა და ლეიბორისტებზე ზეწოლაში, რაც უმალ გააკეთა კიდეც თავის მორიგ განცხადებაში ნათელაშვილმა, ხოლო მეორეს მხრივ, გააფრთხილონ „მოღალატენი“, რომ ბურჯანაძე & კომპანიას „გრძელი ხელები აქვს“, ხოლო აფეთქება მუხიანში მხოლოდ თვალის ახვევას ემსახურებოდა.
''წარმომადგენლობით სახალხო კრებასა'' და ბურჯანაძის პარტიაში საქინფორმის შეკითხვისას, ეს ვერსია, ცხადია, ამრეზით უარყვეს, თუმცა, ზოგიერთმა აქტივისტმა, პრაქტიკულად, სიტყვასიტყვით გაიმეორა ბურჯანაძის გაფრთხილება, რომელიც მან მედიაში 25 ნოემბრის აქციამდე გააკეთა: „ისინი ჩვენ გვერდით არ დადგნენ, ახლა კი ხელისუფლება სათითაოდ გაგვისწორდება და პირველი გაფრთხილება სწორედ მათ, ლეიბორისტებმა მიიღეს!“ – ნიშნისმოგებით განუცხადეს ჩვენს კორესპონდენტს (შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე, რომელიც 25 ნოემბერს ყველას პარლამენტთან, ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა, ასევე აფრთხილებდა: „თუ სახალხო კრებაზე არ გამოვალთ, პარლამენტის შენობასთან გვერდიგვერდ არ დავდგებით, ეს ხელისუფლება ხვალ თითოეული ჩვენგანის სახლში შემოვა და სათითაოდ გაგვისწორდება!“).
ვფიქრობთ, რომ ახლა ხელისუფლებისთვის ღირსებისა და პრინციპის საკითხია, უმოკლეს ვადაში გახსნას ეს დანაშაული და სამაგალითოდ დასაჯოს დამნაშავენი.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 28 ნოემბერს, ღამით, 01.35 საათზე, ჯავახიშვილის № 88-ში მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა ჯავახიშვილის №73-ში მცხოვრები 65 წლის ნინო გორდეზიანი და დაიჭრა ერთი ადგილობრივი მოსახლე. დაზიანდა მიმდებარე სახლები და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისი. ხოლო იმავე დღის 02:56 საათზე კიდევ ერთი აფეთქება გაისმა მუხიანის პირველი მიკრორაიონის №13 კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სუპერმარკეტის წინ, რის შედეგადაც ახლომდებარე სახლებში ჩაიმსხვრა მინები.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229 მუხლის პირველი ნაწილით – „გაზის, ბენზინის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქება და ამით შეგნებულად სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის საფრთხის შექმნა,“ რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასწარი გამოძიების ფარგლებში კრიმინალისტური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველო.