სამართალი
თეირანის ინტერპოლმა მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დაადასტურა

1-mariam-samart-1საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში თეირანის ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულმა უწყებამ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დაადასტურა. რუინთან მოჰამადამინი თეირანის ინტერპოლის ძებნილი პირების მონაცემთა ბაზაში მას შემდეგ იყო შეყვანილი, რაც მის მიერ საქართველოში ჩადენილი მკვლელობის გამო ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში ინფორმაცია გაავრცელა.

რუინთან მოჰამადამინის საქმე, დაბადების ადგილის მიხედვით, ქალაქ გამიშანის ადგილობრივ პოლიციას გადაეცა. პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუინთან მოჰამადამინმა კიდევ ერთი, მცირეწლოვანი ბიჭის მკვლელობა ჩაიდინა. ირანელმა სამართალდამცველებმა იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააპატიმრეს.

ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში რუინთან მოჰამადამინზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წლის 24 ოქტომბერს გამოაცხადა, ხოლო 2013 წლის 16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რუინთან მოჰამადამინი მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.