პუბლიკაციები
საქინფორმი: „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო და დღესაც არის მარიონეტი "ნაციონალური მოძრაობის" ხელში“ - მიაჩნია წულუკიანს, თუმცა, არ განმარტავს - რატომ დატოვა ივანიშვილმა კუბლაშვილი თანამდებობაზე...

Kubl-sazog-2

საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხარულია, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კონსულტაციების გამართვაზე მის მოწოდებას გამოეხმაურა. ამის შესახებ წულუკიანმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ბევრი ითქვა იმაზე, რომ მას არ ავალდებულებს კონსტიტუცია, ეს აკეთოს, მაგრამ მე მგონი, პრეზიდენტს და როგორც ჩანს, ისიც ასე თვლის, აქვს მორალური ვალდებულება, რომ იმ ძალიან დიდი კოშმარის შემდეგ, რაც კუბლაშვილის პირობებში სასამართლოში ტრიალებდა, კონსულტაციები გამართოს", - აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის შეფასებით, უზენაეს სასამართლოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰყავდეს კუბლაშვილისნაირი თავმჯდომარე, "ვინაიდან ეს ჩვენი მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი უპატიებელი შეცდომა იქნება". იუსტიციის მინისტრმა, ასევე, უპასუხა კოტე კუბლაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ უნდა ჰქონდეს. "თქვენმა მზემ, თქვენ იყავით პოლიტიკურად ნეიტრალური ან პოლიტიკურად ნეიტრალურად დანიშნული. ის იყო და დღესაც არის მარიონეტი "ნაციონალური მოძრაობის" ხელში", - განაცხადა  წულუკიანმა, თუმცა დარცხვენილს აღარ უთქვამს - მისმა პოლიტიკურმა გუნდმა - ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ რატომ გამოაცხადა კუბლაშვილი პერსონა non grata-დ აგერ უკვე მესამე წელია...

საქინფორმი შეახსენებს მკითხველს, რომ 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც კი, რომლის უმაღლესი წარმომადგენლები მართლმსაჯულებას გადაეცნენ, ციხეებში სხედან, ანდა გაქცეული არიან, კონსტანტინე (კოტე) კუბლაშვილი დღემდე, გაურკვეველი მიზეზებით, სახელმწიფოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოსტს იკავებს. არადა, ხომ სწორედ იგი იყო სააკიანი-სააკაშვილის ხელისუფლების „ნოტარიუსი“, რომელიც მის ყველა კანონსაწინააღმდეგო დანაშაულს რომ ამოწმებდა სასამართლო წესით! სწორედ კუბლაშვილის თავმჯდომარეობით გამამართლებელი განაჩენების პროცენტი საქართველოში საქმეების საერთო ოდენობის 0.1%-ს შეადგენდა და საქართველოს, მსჯავრდებულთა რაოდენობით - 200 ათასი, ევროპაში პირველი ადგილი ეკავა...