პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „ЧТО ТАКОЕ ХОРОШО И ЧТО ТАКОЕ ПЛОХО“ №5

1-ploxo-pol-1-red-M1
კარგია, რომ უმრავლესობა საქართველოში სახელმწიფო ჰიმნისა და დროშის შეცვლას ითხოვს!
ცუდია, რომ სახელმწიფო ჰიმნის პირველივე სიტყვები „ჩემი ხატია სამშობლო“ ქართველებს სამშობლოსა და ხატს კი არა, ხატია ბუნიათიშვილს - სააკაშვილის „ხატს“ და თაღლით ხათუნა გოგორიშვილს ახსენებს - კომისიის თავჯდომერს, რომელმაც ეს ჰიმნი შეარჩია! საქართველოს სახელმწიფო დროშას კი დღემდე „ნაცმოძრაობის“ პარტიული დროშაა, ჯვაროსანთა ჯვარით...

2

კარგია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ოლღა ბაბლუანთან ინტერვიუში, რომელიც საქართველოში ბევრს სააკაშვილის პიანისტი - ხატია ბუნიათიშვილი ეგონა, განაცხადა, რომ საქართველომ „მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს რუსეთთან, გამონახოს მასთან საერთო ენა, ევროპასა და ამერიკასთან არსებულ ურთიერთობებთან ერთად“, იმიტომ, რომ „ევროპის დემოკრატიული ქვეყნები და აშშ უკვე 20 წელია აცხადებენ, რომ მხარს გვიჭერენ. თუმცა, რუსეთი თავისას აკეთებს“. 

ცუდია, რომ პატარა ოლღამ თავს უფლება მისცა, გაეკრიტიკებინა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის საგარეო პოლიტიკა, რომელიც, მისი თქმით, „საქართველოს სარგებელი არ მოუტანა“... და პატრიარქს, რათა სააკაშვილმა, ალასანიამ და საქართველოს ყველა რუსოფობმა პოლიტიკოსმა მას რუსეთუმეობა არ დასწამონ, მოუწია რუსეთის დადანაშაულება „ტერიტორიების სენში, რომლითაც დაავადებულია ზოგი დიდი ქვეყანა, რომელსაც სურს მიიმატოს ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ იმ არსებულსაც ვერ უვლის“... საინტერესოა, რუსეთის გარდა, რომელ დიდ ქვეყნებს გულისხმობდა ილია მეორე? ეგებ ამერიკას, რომელმაც ნახევარი მსოფლიოს ოკუპირება მოახდინა?! 

3

კარგია, რომ ივანიშვილმა ახალ ტელეგადაცემაში „მშვიდობით იარაღო!“ თავის რთულ ახალგაზრდობაზე მოგვითხრო - თუ როგორ სწავლობდა ჭორვილელი ჭაბუკი სახელმწიფო უნივერსიტეტის საღამოს განყოფილებაზე, რათა დღისით კამვოლ-მაუდის კომბინატში ემუშავა და სვანეთის უბანში კუთხე ექირავა: როგორ დაიარებოდა გორაზე ფეხით და როგორ მგზავრობდა ტრამვაითა და ავტობუსით რამდენიმე გადაჯდომით: რა ბედნიერი იყო, როცა საერთო საცხოვრებელში 6-ადგილიან ოთახში ადგილი მიიღო. „ბიძინა მიშა არ არის, ის ჩვენიანია, უბრალო მშრომელი ბიჭი!“ - უხაროდა ხალხს.

ცუდია, რომ ამის ფონზე ტელეგადაცემის წამყვანი ოლღა ბაბლუანი პირიქით - ყველანაირად ცდილობდა ელიტური საზოგადოებისადმი თავისი კუთვნილების ხაზგასმას და საუბარში მუდმივად იყენებდა ფრანგულ ფრაზებს,  მე-19 საუკუნის რუსი არისტოკრატების მსგავსად... არა, ამით მან ბიძინა ვერ დააბნია, სამაგიეროდ, ბაბლუანის ფრანგულმა ხალხს სააკაშვილის ინგლისური გაახსენა, რომლის შენდობასაც, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, ბაბლუანი ივანიშვილს ემოციურად ემუდარებოდა, „თუკი საქართველოს ევროპად ქცევა სურს“: „მირაბო, ჩვენ, ყველანი, ძმები ვართ! დასრულდა! ვსიო! მორჩა!!! ხომ შეიძლება ერთ დღეს ყველაფერი დასრულდეს?! ჩვენ ხომ ყველა ერთნი ვართ! რა განსხვავებაა, გაერთიანდით, ნუთუ არ შეგიძლება?!“

რამდენად პოლიტკორექტულია წამყვანის მხრიდან, აიძულოს ივანიშვილი აღიაროს, რომ  „რუსეთთან კარგი ურთიერთობები ნიშნავს, რომ „მან არ შეგვსანსლოს“ და რომ „რუსეთი დრაკონია და არა - სახელმწიფო“? ანდა მისთვის მასონი გრაფი დე მირაბოს მაგალითად მოყვანა? ეგებ ბაბლუანის ფრანგულად ჟღურტულს ბატონი ბიძინას საფრანგეთის მოქალაქეობაზე ქარაგმულად უნდა მიენიშნებინა?! თუმცა ივანიშვილის პირდაპირმა  პასუხებმა ისე დააბნია პოლიტიკისგან შორს მყოფი ოლღა, რომ ბოლოს ინგლისური სიტყვათშეთანხმება „politician correct“ (პოლიტკორექტული) ფრანგულად გაასაღა...

4

კარგია, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ივანიშვილის პატივსაცემად არჩევნებში ხმას მისთვის ღრმად ანტიპათიურ სუბიექტებს აძლევდა და ითმენდა აწ განთავისუფლებულ 10 მინისტრსა და მთავარ პროკურორ კბილაშვილს, კვლავ სურს ბატონ ბიძინას თავისი გმირი უწოდოს!

ცუდია, რომ ივანიშვილმა ჯერ ბოლომდე ვერ გააცნობიერა საკუთარი როლი და არ იცის, რომ შრომისმოყვარე ქართველ ხალხს არ სჭირდება მისი მილიარდები, როგორც ამას ნაციონალები თხზავენ! ხალხს მხოლოდ ის სურს, რომ ივანიშვილი მისი დამცველი იყოს და სააკაშვილის ჯალათები დასაჯოს; რაიმე სამუშაო მისცეს, რათა ქართველი ქალები საქართველოში დაბრუნდნენ - საკუთარი მშობლებისა და შვილების მოსავლელად; შეარიგოს რუსეთს, რათა ლტოლვილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და რომ შენობასთან თბილისში, რომელზეც უწინ ეწერა „Посольство РФ в Грузии“, არ იყოს რიგები ვიზებზე, მავზოლეუმთან მსგავსი... 

5

კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სააკაშვილს ახალი წელი მიულოცა - ამით საქართველოში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ - „ხუ იზ ხუ“ ანუ ვინ ვინ არის...

ცუდია, რომ საქართველოში კვლავაც „უსუფევს“ უკანონობა, რაკიღა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე მთავარი პროკურატურის მიერ ბრალდებულ, ძებნაში მყოფ დამნაშავეს ულოცავს...

6

კარგია, რომ საქართველოში, ხელისუფლების სათავეში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დიქტატურა დემოკრატიით შეიცვალა - იმგვარით, რომ ზოგჯერ ძნელია მიხვდე - ვინ პატიმარია და ვინ - თავისუფლებაზე... რუსთაველის პროსპექტიდან და გლდანის ციხიდან, Facebook-ის გვერდებიდან და ტელევიზორის ეკრანიდან პრემიერ ღარიბაშვილს ადანაშაულებენ, აკრიტიკებენ და ჭკუას არიგებენ ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი და ექსმმართველი პარტია „ნაცმოძრაობა“, რომლებიც თავად არიან ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თითქმის ყველა მუხლით!

ცუდია, რომ თეთრ სახლში გადაწყვიტეს, ქართველები ამერიკულ  ორპარტიულ - „რესპუბლიკელები-დემოკრატები“ - სისტემას შეაჩვიონ, ამიტომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართულ ოცნებას“, აშშ-ის სახდეპის პროექტით, ახალი კოალიცია „უსუფაშვილის რესპლიკელები - ალასანიას დემოკრატები - სააკაშვილის ნაციონალები“ შეცვლის და საქართველოში კვლავ დიქტატურა დაისადგურებს...

7

კარგია, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა მინისტრებს გასული წლის ბოლო დღეებში აუკრძალა საბიუჯეტო თანხების ციებ-ცხელებიანივით ათვისება, მაგალითად - ასფალტის აყრა და ხელახლა დაგება! ამით ღარიბაშვილმა ლარი კიდევ უფრო მეტი გაუფასურებისგან გადაარჩინა.

ცუდია, რომ  წელს, რუსული რუბლის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ფულადი გზავნილები რუსეთიდან - 1.5 მლრდ დოლარი წელიწადში! - მინიმუმ 20%-მდე შემცირდება. გასული წლის დეკემბერში ქართველებმა თავის ახლობლებს, 2013 წლის დეკემბერთან შედარებით, 123 მლნ დოლარის ნაცვლად, 104.2 მლნ გადმოურიცხეს. რით მოახდენს ფინანსთა მინისტრი ხადური რუსეთიდან ფულადი გზავნილების კომპენსირებას, რომლებიც საქართველოსთვის საერთაშორისო ვალუტის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს? გაითვალისწინა კი ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველო რუსეთში 250 მლნ დოლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და 800 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტს დაკარგავს, რაც  ქვეყნის მთელი ექსპორტის 35 %-ს შეადგენს?

8

კარგია, რომ მას შემდეგ, რაც დავით იაკობაშვილმა „Роснефть“-ს თავისი კომპანია „Petrocas Energy Group”-ის 49 % მიჰყიდა, რომელიც ფოტის პორტში ნავთობტერმინალსა და „Gulf“-ის 140 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს; ასევე, გიორგი ჭანტურიას პროექტის მერე, რუსეთთან ერთად  სუფსაში ნავთობგადამუშავებელი ქარხნისა და ნავთობქიმიური კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რომელიც ნოვოროსიისკიდან აფხაზეთის გავლით, ნავთობსადენის გაყვანასაც ითვალისწინებს, ეჭვი აღარავის ეპარება,რომ რუსეთი მთავარი ენერგეტიკული მოთამაშეა კავკასიაში.

ცუდია, რომ ზღვა ნავთობის მქონე აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებითაც, რომელიც 2 იანვრიდან სრულებით გათავისუფლდა ბენზინზე საბაჟო გადასახადისგან როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, საქართველო, რომელმაც მთელი თავისი სტრატეგიული დარგები რუსეთს მიჰყიდა, მაინც ამერიკის იმედად არის, რომელსაც საქართველოში არაფერი ეკუთვნის! გარდა, რასაკვირველია, ქართველი პოლიტიკოსების ცოდვილი სულებისა...

9

კარგია, რომ ღარიბაშვილმა, რომელიც საბოტაჟის პირობებში იძულებული იყო მარგველაშვილთან არსებული უშიშროების საბჭოს დუბლირება მოეხდინა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უსაფრთხოებისა და ანტიკრიზისული სიტუაციების მართვის საბჭო შეექმნა, გასულ კვირას, თავისი ხელმძღვანელობით საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათშორისი საბჭოც დააარსა.

ცუდია, რომ ამ საბჭოში შევიდნენ „ერთპოლარული“ ჩინოვნიკები - პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი და სხვ., რომელთათვისაც კომპასის ისრები ნატოს ემბლემაა, ხოლო ვარსკვლავებიანი ცა - ევროკავშირის დროშაა...

10

კარგია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ტესტირებისას მონაწილეთა 80 % ჩაიჭრა, რომელთა უმრავლესობაც არა წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული მოქმედი თანამშრომლები, არამედ ხელმძღვანელი თანამდებობების პრეტენდენტი და უკვე დანიშნული „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან. ეს ნეპოტიზმთან ბრძოლის მაგალითად იქცა. კარგია, რომ თავის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის მისაღებია წინა ხელისუფლების ყველა ის წარმომადგენელი, რომლებიც პატრიოტული სულისკვეთებით არიან გამსჭვალული და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან! 

ცუდია, რომ ახალმა ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ გაიგო - ნაირგვარი დასავლური ტესტირების და შერჩევის სხვა მეთოდი, განათლების ექსმინისტრი, სანტექნიკოსი ლომაიას ლოტოტრონს რომ წააგავს, საქართველოსთვის უვარგისია! მუშაობის გამოცდილება, ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების ნიჭი და ორგანიზატორული უნარები, ანუ - პროფესიონალიზმი, კომუნიკაბელობა და კარგი მენეჯმენტი - აი, კადრების შერჩევის საუკეთესო კრიტერიუმები!

11

კარგია, რომ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი მოღალატე, არამზადა და ძებნილი სააკაშვილია! კარგია, რომ ღარიბაშვილს მთელი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას არცერთხელ წარმოუთქვამს „ნატო“, სამაგიეროდ, აღნიშნა, რომ ქართული საქმე უკრაინაში ბრძოლა კი არა, არამედ „საქმე ქართულია“, ანუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტის რანგში უნდა იქნეს აყვანილი.

ცუდია, რომ სააკაშვილი მარგველაშვილის პირით ბლოკავს ღარიბაშვილის შეხვედრას პუტინთან, ვერაგული ულტიმატუმის თავსმოხვევით  - „ჯერ ტერიტორიები, მერე - შეხვედრა!“. პუტინთან შეხვედრა სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა გადაიჭრას, ხოლო თუ რუსეთი ამ ტერიტორიებს შეხვედრამდე  უცებ  დატოვებს, მაშინ რისთვის უნდა შეხვდეს პუტინს „კარალევა მარგო“?!

12

კარგია, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოსა და უკრაინის დაკავშირებულ პრობლემებზე, როგორიცაა რეგიონალური უსაფრთხოება და კიევში დაგეგმილი ვიზიტი, სამუშაო შეხვედრა გამართა: რამდენად მიზანშეწონილია იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრა, რომელიც სააკაშვილის დამნაშავეებით კომპლექტება?!

ცუდია, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას საქართველოს მთავრობა არ განიხილავს  სავიზო რეჟიმის შემოღებას უკრაინასთან, სადაც ნეოფაშისტთა ჩირაღდნებიანი მსვლელობები იმართება და სააკაშილის „ქართული ლეგიონის“ დაქირავებული მებრძოლები, დონეცკის შემდეგ, თბილისში ჩამოსაფრენად ემზადებიან...

13

კარგია, რომ საქართველო და მსოფლიო სულის სიღრმემდე შეძრა სატირული ჟურნალი „Charlie Hedbo“-ს რედაქციაში მომხდარმა პარიზულმა ტრაგედიამ, თბილისში კი ბოლოსდაბოლოს გაიგეს, რომ უმაღლესი დემოკრატიული ღირებულებებისათვის ყოველდღიურად სიცოცხლის გამრისკავ ჟურნალისტებს ექსკლუზიური ხელშეუხებლობის უფლება აქვთ და მათი შევიწროება, სამართლებრივი დევნა და მუქარა მათი მისამართით დაუშვებელია, მაშინაც კი, როცა ისინი ცდებიან!

ცუდია, რომ საქართველო და მსოფლიო დუმს, როცა აბუჩად იგდებენ მართლმადიდებლობასა და ისლამს, იესოს, მუჰამედსა და ილია მეორეს, სამაგიეროდ, გაჰყვირიან სექტანტებისა და ლიბერტარიანელების უფლებების დარღვევაზე!

ცუდია, რომ ქრისტიანულ უმრავლესობას არავინ იცავს, ხოლო ლგბტ-იდენტურებსა და იეღოვას მოწმეებს საქართველოში უსუფაშვილის ანტიდისკრიმინაციული კანონი იცავს! ცუდია, რომ საქართველოში დაავიწყდათ შარაძე, გირგვლიანი, თეთრაძე, ჟვანია, რობაქიძე, პატარკაციშვილი და სააკაშვილის მიერ ათობით ათასი ნაწამები! ცუდია, რომ საქართველო და მსოფლიო დუმდა, როცა კიევის ხუნტა ცოცხლად წვავდა ადამიანებს პროფკავშირების სახლში ოდესაში, ბომბავდა ეკლესიებს ლიტურგიისას და სკოლებს გაკვეთილების მიმდინარეობისას ლუგანსკსა და მარიუპოლში, კრემატორსკსა და სლავიანსკში... 

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 12 იანვარი
საქართველო, თბილისი

1-ploxo-pol-1-red-1-2