დიპლომატიურ სამსახურში ცვლილებებია
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა ელჩების კანდიდატურები, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შესაბამისი თანხმობით, კანდიდატურები პარლამენტს წარუდგინა. დიპლომატების კანდიდატურებს პარლამენტი, სავარაუდოდ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
ბრაზილიაში ელჩად ოთარ ბერძენიშვილი დაინიშნება, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყებაში ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მექსიკაში მალხაზ მიქელაძე წარიგზავნება, რომელიც, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და წარმოადგენდა ვაშინგტონში საქართველოს დესპანს. შვედეთში ელჩად კოტე ქავთარაძე დაინიშნება. ის პოლონეთში საქართველოს ელჩი იყო. პოლონეთში კი მის ადგილს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დაიკავებს, რომელიც დიპლომატიურ მისიას სლოვაკეთში ასრულებდა. შესაბამისად, სლოვაკეთში დაინიშნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი. აზერბაიჯანში ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე დაინიშნება, რომელიც აქამდე გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა სტამბულში. ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილს მისივე მოადგილე მამუკა ჟღენტი ჩაანაცვლებს, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი შვეიცარიაში ელჩად დაინიშნება. სომხეთში ელჩად საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი წარიგზავნება.
პორტუგალიაში საქართველოს ელჩად გოგა გორგილაძე დაინიშნება, ხოლო ეგვიპტეში - არჩილ ძულიაშვილი.