სამართალი
გენმოდიფიცირებული პროდუქტები სავალდებულო ეტიკეტირებას დაექვემდებარება

1samart-3საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. 2015 წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ", რომლის მიხედვითაც, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში უნდა განთავსდეს წარწერა "გმო", ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში წრიულ ფორმაში წარწერა "გმ". პროდუქტის ეტიკეტირებისას აღნიშნული უნდა იყოს ინგრედიენტის სახელიც.

კანონის მიხედვით, ეტიკეტირების მოთხოვნათა შეუსაბამობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებული იქნება, სავაჭრო ქსელიდან არაეტიკეტირებული გენმოდიფიცირებული პროდუქტი ამოიღოს. შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი, გენმოდიფიცირებული პროდუქტი განადგურებას დაექვემდებარება.

ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულებაზე დაწესდება სახელმწიფო კონტროლი - ეტიკეტის შეუსაბამობაზე სახელმწიფოს კონტროლს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს, იმპორტისას – ფინანსთა სამინისტრო. ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5-ათასი ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10-ათასი ლარის ოდენობით.