რელიგია
მამა ილიამ სამაშველო გემზე თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა...

1aqtual-3-relig-1საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. იტალიური მედია ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlantic -ზე დაღუპული ქართველი სასულიერო პირის, მამა ილია კარტოზიას გარდაცვალების შესახებ წერს. გამოცემამ - repubblica.it გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქის, 25 წლის ირაკლის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

"როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, მე ჩემი შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ მეფიქრა ღმერთზე და ღმერთი დამეხმარებოდა. ასე მაძლევდა ძალას", - განაცხადა ირაკლიმ. მისი თქმით, მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა.

"მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, მისი გემიდან გადმოყვანის დროს, სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა", - იხსენებს ირაკლი. ვიღაცამ წყალში სამაშველო ჟილეტი გადააგდო, თუმცა ძლიერი ღელვის გამო, მამა ილიამ მასთან მიახლოება ვერ შეძლო.

მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

ბორანზე ხანძარს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.