თბილისი 25 ნოემბრის მოლოდინში გაირინდა…
2010 წლის 25 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ დაიწყება სახალხო საპროტესტო აქცია, რომელმაც შეიძლება მკვეთრად შეცვალოს საქართველოს შემდგომი ბედი.
ასე აეწყო: სწორედ ამ ადგილზე წყვეტდნენ ქართველები ყოველთვის - ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი: 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების დროსაც, 1991 წლის დეკემბრის - 1992 წლის იანვრის სამხედრო გადატრიალების დროსაც, როცა აქ ისროდა ტანკები და მძიმე არტილერია, 2003 წლის ნოემბრის “ხავერდოვანი” გადატრიალების დროსაც, რომელსაც შემდგომ რომანტიკული “ვარდების რევოლუცია” დაარქვეს.
ამჯერად მთავარ ორგანიზატორად ამ ღონისძიებისა, რომელიც, სავსებით მოსალოდნელია, ბედისმიერი გახდეს, მოგვევლინა წარმომადგენლობითი სახალხო კრება - ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების, ინტელიგენციისა და უბრალო ხალხის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლების, პარტიების, საზოგადოებრივი მოძრაობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ტანდემი. მათი ლიდერები შედიან საინიციატივო ჯგუფში, რომელმაც დიდი მოსამზადებელი სამუშაო გასწია როგორც თბილისში, ასევე ყველა რეგიონულ ცენტრში, რაზეც საქინფორმი სისტემატურად აცნობებდა საზოგადოებას.
საქინფორმმა, ასევე, შესთავაზა მკითხველს სოციალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც სააგენტოს ჟურნალისტებმა გასულ კვირაში ჩაატარეს: “რა დამოკიდებულება გაქვთ 25 ნოემბერს დანიშნული სახალხო კრებისადმი, შეუერთდებით თუ არა მას?”. ამ შეკითხვით მიმართეს ჩვენმა საკუთარმა კორესპონდენტებმა საქართველოს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, კულტურის მუშაკებს, აგრეთვე, ჩვენი საზოგადოების რიგით წარმომადგენლებს - მუშებსა და გლეხებს, ინჟინრებსა და ექიმებს, მასწავლებლებს, მძღოლებს, მრეცხავებს, გამყიდველებს, ხელოსნებს და ა.შ. ეს უკანასკნელნი, შევახსენებთ მკითხველს, აპირებენ, მიიღონ მონაწილეობა ხვალინდელ სახალხო კრებაში.
ოპოზიციისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების აზრი, მკითხველს უთუოდ ახსოვს, ერთგვაროვანი არ არის. ჩვენი რესპონდენტები, ძირითადად, ორ ჯგუფად იყოფიან: იდეურებად და ინდოურებად.
იდეურები არიან ისინი, ვინც პირდაპირ ან სხვადასხვა შენიშვნებით (მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ შედეგებზე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას; მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მოქმედების ჩვენს გეგმას შევთავაზებთ; მივალთ სოლიდარობის გამოსახატავად და იდეურად დავუჭერთ მხარს; ყოველთვის ქართველ ხალხთან ერთად ვიქნებით, მაგრამ არ ვეთანხმებით პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გადადგომას) მხარს უჭერენ ფართომასშტაბიანი სახალხო კრების ჩატარებას, რათა აიძულონ მოქმედი ხელისუფლება, გადადგეს და გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები. ესენი, უმთავრესად, არიან სახალხო კრების მოწვევის მთავარი ორგანიზატორები: წარმომადგენლობითი სახალხო კრება (ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი) და 12 ათასი დელეგატი, რომლებმაც (თითოეულმა ცალ-ცალკე) წარმოადგინეს თავთავიანთი ამომრჩევლების მინიმუმ 34 ხელმოწერა, პარტია “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” (ლიდერი ნინო ბურჯანაძე), “ეროვნული ფორუმი” (ლიდერი კახა შარტავა), მოძრაობა “დაიცავი საქართველო!” (ლიდერი დავით მაღრაძე), “მოძრაობა “უკანონოდ დაპატიმრებულთა სოლიდარობა” (ლიდერი ეკა ბესელია), აგრეთვე, პარტია “თეთრები” (ლიდერი თემურ შაშიაშვილი), მოძრაობა “საზოგადოებრივი პალატა”, “ლტოლვილთა ეროვნული საზოგადოება” და “ეროვნული საბჭო” (“ხალხის პარტიის”, რომლის ლიდერია კობა დავითაშვილი და “კონსერვატიული პარტიის”, რომლის ლიდერია ზვიად ძიძიგური დროებითი ალიანსი).
სახალხო კრებისადმი სოლიდარობის გამოსახატავად რუსთაველის პროსპექტზე მივა “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” (ლიდერი შალვა ნათელაშვილი), რომელიც, ამასთან, აქტიურ მონაწილეობას კრების მუშაობაში არ მიიღებს და მის შედეგებზე პასუხისმგებლობას არ გაინაწილებს.
ინდოურები - საქართველოს დანარჩენი პოლიტიკური სპექტრია, რომელმაც ოპოზიციონერობა დაირქვა (როგორც პარლამენტში წარმოდგენილმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე - ე.წ. ქუჩის ოპოზიციამ), ასევე - ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი: ცნობილი პოეტები, რეჟისორები, მხატვრები, მომღერლები, ასე თუ ისე, ხელისუფლების მიერ ნაფერებნი ან უშუალოდ ჩართულნი პროსახელისუფლო პიარკამპანიაში. საქართველოში ყველამ იცის, რომ საახალწლოდ ხელისუფლება მათ ინდაურებს უგზავნის. ამიტომაც დავარქვით იდეურების საპირისპიროდ ინდოურები. დავუმატებთ მხოლოდ იმას, რომ ინდოურები ყოველთვის იყვნენ და რჩებიან ქართული საზოგადოების ძალიან არასაიმედო ნაწილად (ისევე, როგორც საერთოდ ნებისმიერი ინტელიგენცია, რაც ზუსტად შენიშნა თავის დროზე ვ.ი. ლენინმა): როგორც კი ხვალ ტელეეკრანებზე დაინახავენ ინდოურები, რომ სახალხო კრება იმარჯვებს, ისინი უმალვე გაიძრობენ ფლოსტებს და გაიქცევიან თავიანთი “ჯიპებისკენ”, რათა “დადგნენ იქ, სადაც მთელი ქართველი ხალხია!” შეჩვეულები არიან: ასე, მყისიერად გაყიდეს გამსახურდია, შევარდნაძე, გაყიდიან სააკაშვილსაც!
ხელისუფლებამ რაო?
ცნობილია, რომ გარდაცვლილებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან - არაფერს. ასეა - ამ დღეებშიც, თბილისი გაირინდა 25 ნოემბრის მოლოდინში და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ქელეხს, სადაც, როგორც ცნობილია, სიმღერა და ცეკვა, ხმამაღლა ლაპარაკიც კი მიღებული არ არის. სწორედ ამიტომ “ვარდების რევოლუციის” მეშვიდე წლისთავი ძალიან ჰგავდა ჩვეულებრივ წლისთავს, რომელსაც მართლმადიდებლები გარდაცვლილთა წლისთავზე აწყობენ: არ ჩაუტარებიათ არც ერთი კონცერტი, არც ერთი გასართობი ღონისძიება, ხალხიც კი სანახევროდ ჩურჩულით ლაპარაკობდა (გარდა სააკაშვილისა სტრასბურგში და ბათუმში, კონცერტის გასამართად ჩამოფრენილ პლასიდო დომინგოსი)... ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ხვალინდელ გრანდიოზულ საოპერო წარმოდგენაზე დომინგოს გარდა მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოპერის ვარსკვლავები. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დაინიშნა სპეციალური ავიარეისები, თითქმის მთელი ხელისუფლება - პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები, მინისტრები, გუბერნატორები ხვალ კონცერტზე წაბრძანდებიან.
რატომაც არა?! რამე რომ მოხდეს, თურქეთის საზღვარი იქვეა. თუ თბილისში გართულებები დაიწყება, დაე, გადაწყვეტილებები მიიღოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ახლადგამომცხვარმა მდივანმა, პრეზიდენტის მრჩეველმა უშიშროების საკითხებში გიგა ბოკერიამ, რომელიც თბილისში საგუშაგოდ დარჩა და რომელსაც პრეზიდენტმა დამატებითი უფლებამოსილებანი უბოძა (შეიძლება ვივარაუდოთ - რა უფლებებიც).
თუმცა ხელისუფლების მხრიდან სხვა ტაქტიკაც არ არის გამორიცხული: თუ ყურადღებით წაიკითხავთ საქინფორმის საიტზე დღევანდელ მასალებს, ასევე, თუ გაითვალისწინებთ აშშ პრეზიდენტის - ობამას მიერ მიშასთვის მიცემულ მითითებებს (საქართველოში დემოკრატიის დანერგვა), აუცილებლად დაასკვნით, რომ აირჩევენ თვალის არიდების ტაქტიკას, რომელიც ხელისუფლებამ წარმატებით გამოიყენა ფართომასშტაბიანი აქციის (“საკნების” აქცია) 2009 წლის ზაფხულში.
ხელისუფლებას ესმის, რომ ძალის გამოყენებას, სულერთია, ვინ - ვის, მოჰყვება ზარი ვაშინგტონიდან, ისევე, როგორც 2007 წლის ნოემბერში და ყველას მოუწევს გადადგომა, გაიმართება რიგგარეშე არჩევნები, რასაც ხვალ მოითხოვენ მომიტინგეები.
ხვალინდელი სახალხო კრების ორგანიზატორები, როგორც ჩანს, სერიოზულად არიან განწყობილნი: როგორც სანდო წყაროდან საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, საინიციატივო ჯგუფის ვიწრო წრემ გაითვალისწინა მოვლენათა განვითარების ყველა ვარიანტი, ხელისუფლებისთვის წარდგენილი ულტიმატუმის დაუყოვნებლივ განხორციელების ჩათვლით სრულიად სახალხო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე (12.000 დელეგატის, რომლებიც აღჭურვილნი არიან მინიმუმ 408.000 ადამიანის ნდობით, ასევე, ხვალ აქციას შეერთებული ხალხის ნებით): შეიქმნა სპეციალური კომიტეტები და ჯგუფები, რომლებიც იკისრებენ ამ ფუნქციებს. გეგმები, გასაგები მიზეზების გამო, არ აფიშირდება, არ იციან მათ შესახებ არაფერი იმათაც, ვინც “წარმომადგენლობით სახალხო კრებას” ბოლო დღეებში შეუერთდა, მაგალითად, “ეროვნულმა საბჭომ”. კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურს უარი უთხრეს კონკრეტული წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებაზე. ესეც ლოგიკურია: პიარის მოყვარულები, ისინი 5 წუთში დასხდებოდნენ აქუბარდიას “კავკასიონის” ეთერში და ასე დაემუქრებოდნენ მიშას: “ახლა კი გვიფრთხილდი, მიშა სააკაშვილო!!! ხვალ, როცა 1.232 კაცი აქციაზე სანადირო თოფებით შეიარაღებული მოვა, 3.560 კომბლებიანები კი პარლამენტს უკანა მხრიდან მიადგებიან, ამ დროს კი 3 ჯგუფი 2.725 კაცით თითოეულში აიღებენ ტელეგრაფსა და რკინიგზის სადგურს, ხალხის ნაწილი კი ალყაში მოაქცევს სახელმწიფო კანცელარიასა და პრეზიდენტის სასახლეს, მაშინ შენი ხელისუფლებაც დამთავრდება!”.
ასეა თუ ისე, დიდხანს ცდა აღარ დაგვჭირდება: ხვალ 13:00 საათზე თბილისის ულამაზეს პროსპექტზე, რომელიც გენიალური პოეტისა და მოაზროვნის - შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, ჩვენ კვლავ შევიკრიბებით პარლამენტის შენობის წინ ჩვენი ბედის გადასაწყვეტად. ღმერთმა ქნას, რომ უკანასკნელად! 13:00 საათზე დაიწყება დელეგატების რეგისტრაცია, საპროტესტო აქცია კი - 15:00 საათზე.
საქინფორმის მკითხველთა საყურადღებოდ! ხვალ, ა.წ. 25 ნოემბერს, ჩვენი კორესპონდენტები იმუშავებენ პარლამენტის შენობის წინ და ონლაინ რეჟიმში გადმოგვცემენ რეპორტაჟებს რუსთაველის პროსპექტიდან. თქვენ საქმის კურსში იქნებით ყველა იმ მოვლენისა, რომელიც რუსთაველზე გაიმართება.
დარჩით ჩვენთან - www.saqinform.ge