პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საახალწლოდ დახმარება 1530 ადამიანმა მიიღო

polit-1საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად გუშინ "კათარზისს" ეწვია. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა თავშესაფრის ბინადრებს პირადად გაესაუბრნენ და დამდეგი დღესასწაული  მიულოცეს. მოხუცებმა პრეზიდენტისგან საახალწლო საჩუქრის სახით ფულადი დახმარებაც მიიღეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონ 71 ათასი ლარი გამოიყო. ქვეყნის პირველი პირი სულ 1530 ადამიანს დაეხმარა, რომელთაგან 411 მოხუცებული და შშმ პირია,  349 მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი, 424  ოჯახთან რეინტეგრაციის პროცესში და 206 ნათესაობით მინდობით აღზრდაში მყოფი პირი, ასევე 31 ბავშვი ბერი ანდრიას თავშესაფარში და 109 ბავშვი სკოლა-პანსიონში. თითოეულ ადამიანზე გამოიყო 700 ლარი, რომელიც უმეტესობას პირად ანგარიშზე ჩაერიცხება სოციალური სააგენტოს მეშვეობით, ხოლო საოჯახო ტიპის სახლების, ანდრიას ფონდისა და მეფე თამარის პანსიონის აღსაზრდელებისათვის თანხები ჩაერიცხებათ დაწესებულებებს, რომლებიც შემდგომში ამ თანხებს ბავშვებს გაუნაწილებენ.