სახალხო კრება? სახალხო იმედგაცრუება!
ძვირფასო მკითხველებო! როგორც ხედავთ, საქინფორმის ყველა პროგნოზი ამ აქციის შესახებ გამართლდა: ჩვენი სააგენტოს მიერ ქართული ოპოზიციის ლიდერებს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა, ინტელიგენციის, სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენელთა და რიგით მოქალაქეთა შორის ჩატარებული გამოკითხვის, აგრეთვე, მცირე ანალიტიკური წერილების წყალობით (“ფქვილის პრინცესას ვნებანი”, “თბილისი 25 ნოემბრის მოლოდინში გაირინდა”) რუსთაველის პროსპექტზე გამართული მოვლენები თქვენთვის მოულოდნელი არ გამხდარა.
თუ ერთ-ერთ ზემოთ დასახელებულ პუბლიკაციაში “ვარდების რევოლუციის” მეშვიდე წლისთავი, 23 ნოემბერს საზეიმო ღონისძიებების ჩაუტარებლობის გამო, ჩვეულებრივ წლისთავს შევადარეთ (მართლმადიდებლურ ტრადიციას - გარდაცვლილის სულის მოხსენიებას ერთი წლის თავზე), მაშინ 25 ნოემბრის წარმომადგენლობითი სახალხო კრების სრული ფიასკო შეიძლება შევადაროთ ოპოზიციის დაკრძალვას.
დიახ, პარლამენტის შენობის წინ ლამის დაწყებისთანავე დამთავრებული სახალხო კრება იყო არა იმდენად ხელისუფლების მნიშვნელოვანი გამარჯვება, რამდენადაც ოპოზიციის გამანადგურებელი კრახი! ამრიგად, 2010 წლის 25 ნოემბერს სრული იმედგაცრუებით დასრულდა ოპოზიციურ “შერკინებათა” მესამე დამაგვირგვინებელი ეტაპი:
პირველი ეტაპი, როგორც გახსოვთ, ჩავარდა 2007 წლის ნოემბერში. მაგრამ ხელისუფლებას მაშინ ნერვებმა უმტყუნა და მან დაარბია მომიტინგენი, რამაც ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი: თავისი დაყენებული კაცის არადემოკრატიული მოქმედებით აღშფოთებულმა ამერიკამ აიძულა სააკაშვილი, გადამდგარიყო და დაენიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. შეგახსენებთ: პირველმა ეტაპმა 300.000-მდე მოქალაქე გამოიყვანა ქუჩაში;
მეორე ეტაპზე, 2009 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ გაითვალისწინა თავისი შეცდომა და არ “დაეხმარა” მოწინააღმდეგეს. თვალის არიდების ტაქტიკა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, წარმატებული გამოდგა და გრანდიოზული აქცია დასრულდა მხოლოდ გრანდიოზული მსვლელობით “დინამოს” სტადიონიდან წმინდა სამების კათედრალამდე - საქართველოს პატრიარქთან მისვლით. აქციის მთავარი ორგანიზატორების - ძმები გაჩეჩილაძეების პროვოკაციულმა მცდელობამ - აქციის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა უწმინდესისა და უნეტარესისათვის ილია II-თვის დაეკისრებინათ, ვისაც მიმართეს თხოვნით სათავეში ჩადგომოდა ხელისუფლების დამხობის აქციას, დიდად შეარყია ხალხის ნდობა ოპოზიციისადმი. სავსებით შესაძლებელი იყო უარყოფითად ემოქმედა მართლმადიდებლურ რწმენაზეც, მაგრამ, საბედნიეროდ, ბრძენი ქართველი ხალხი დროზე მოეგო გონს, სათანადოდ შეაფასა შექმნილი ვითარება და თავისი პატრიარქის სიტყვები. მეორე ეტაპმა, სახელწოდებით “საკნების” აქცია, 200.000-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანა ქუჩაში;
მესამე ეტაპი 2010 წლის 25 ნოემბერს გაიმართა. ხელისუფლებამ კვლავ გამოიყენა თვალის არიდების ტაქტიკა და გაიმარჯვა, თუმცა დასამარცხებელი, კაცმა რომ თქვას, არავინ იყო: მრავალრიცხოვან ჟურნალისტებთან და არანაკლები რაოდენობის, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი შსს თანამშრომლებთან, უსაქმურებთან და დელეგატებთან ერთად პარლამენტის წინ შეიკრიბა 20.000-ზე ცოტა მეტი მოქალაქე, რომლებიც აქციის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ, საქმე რომ არა ჰქონდათ, დაიშალნენ.
სრულიად სახალხო კრების (როგორც მათ წარმოედგინათ) ორგანიზატორებმა “ინგლისურად” - დაუმშვიდობებლად ისე მიატოვეს შეკრებილი მოქალაქეები, რომ არც უთქვამთ, რის გაკეთებას აპირებენ შემდგომ და როგორი გეგმები აქვთ შემუშავებული. საქმე შემოიფარგლა ოთხი გადაწყვეტილების მიღებით - გაუქმებულად ჩაითვალა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, უნდობლობა გამოუცხადეს მოქმედ ხელისუფლებას, “სახალხო კრება” საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ დაამტკიცეს და გამოაცხადეს სრულიად სახალხო ეროვნული დაუმორჩილებლობა, რამაც, როგორც ამბობენ, ძალიან გაახალისა სააკაშვილი, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა.
შემთხვევითი არ არის, რომ ბათუმში გამართულ ოპერის ვარსკვლავების კონცერტს პლასიდო დომინგოს მონაწილეობით ესწრებოდა არა მარტო პრეზიდენტი პირველ ქალბატონთან ერთად, არამედ პატრიარქიც და მმართველი ელიტა სრული შემადგენლობით: პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტარებთან ერთად, მთავრობა, “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობა და გუბერნატორები. “ეს ჩვენ ვართ - ბრწყინვალენი და მრავალნი, ისინი კი - ხელმოცარულნი და ცოტანი: ამოირჩიეთ!” - თითქოს მიმართა სააკაშვილმა რუსეთს, აშშ-ს და ევროპას.
შემთხვევითი არ არის, რომ აქციას არ დაესწრნენ ის პოლიტიკური ძალებიც კი, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ, ასე გამოეხატათ სოლიდარობა: არც დიდი სტაჟის მქონე ლეიბორისტები მისულან და არც აქციამდე ერთი დღით ადრე შექმნილი “საქართველოს პარტია”.
საზოგადოებრიობას კი უამრავი შეკითხვა დაუგროვდა: განა სერიოზული იყო აქციის დღის მეორე ნახევარში დაწყება - 15:00 საათზე - და არა დილიდანვე? მით უფრო, რომ წლის ამ დროს მალე ღამდება? ვის გაუგია სასიკეთო და ბედისმიერი საქმის საღამოჟამს დაწყება?! განა სერიოზულია, არ გქონდეს მოქმედების ერთიანი გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა მოქმედების განვითარების მომიტინგეთა სავარაუდო რაოდენობიდან გამომდინარე ყველა ვარიანტი?
განა სერიოზულად შეიძლება ჩაითვალოს მთავარი ორგანიზატორების თავის მართლება: “ჩვენ მზად ვიყავით გადამჭრელი ღონისძიებებისთვის, მაგრამ თქვენ ძალიან ცოტანი მოხვედით!”?
განა სერიოზულია, თადარიგი არ დაიჭირო დელეგატების მისაღებად, რომლებმაც ძლივს ჩამოაღწიეს საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან? (მათმა რაოდენობამ 5.000-ს მიაღწია). როგორ შეიძლებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში მათი დატოვება რუსთაველის პროსპექტზე, თანაც ცივ საღამოს - ისე, რომ არც ღამის გასათევით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი, არც შინ დაბრუნების საშუალება ჰქონოდათ? ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი ღამით ქუჩაში დარჩენილი ასი ადამიანიდან ვინმეს რამე რომ შემთხვეოდა?
ვინ დათვლის შეკითხვებს... მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა საიდუმლო, ადრე თუ გვიან, გაცხადდება, ამიტომ ადამიანებს უჩნდებათ სხვა, ბრალდების მსგავსი შეკითხვები:
არავისთვის საიდუმლო არ არის ნინო ბურჯანაძის შეზღუდული პოტენციალი. ძნელია დისკრედიტაცია უმაღლეს ხელისუფლებაში თავისი მოღვაწეობით ისედაც დისკრედიტირებული პიროვნებისა.
ვის, გარდა ხელისუფლებისა, სჭირდებოდა დისკრედიტაცია საზოგადოებაში ისეთი პატივცემული პიროვნებების, როგორებიც არიან ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, გურამ ფირცხალავა, სოსო ჯაჭვლიანი?! არადა, “ოპოზიციური” ლიდერების მიერ ამ ადამიანების პირადი ავტორიტეტის გამოყენება მათი დისკრედიტაციის ისეთივე მცდელობა იყო, როგორც 2009 წელს პატრიარქისა.
ბურჯანაძის შეზღუდული პოტენციალი არავისთვის საიდუმლო არ არის. მაგრამ, ნუთუ აწ გარდაცვლილ ჟვანიასთან და ცოცხალ სააკაშვილთან ამდენი წლის თანამშრომლობით ვერ აითვისა მან ამგვარი აქციების გამართვის პიარტექნოლოგიების ელემენტარული საფუძვლები? ნუთუ იმდენად სულელია, საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს თვითონ მოაწერა ხელი და პოლიტიკურ გვამად იქცა?!
ბურჯანაძის შეზღუდული პოტენციალი - ახლა უკვე ნათელია - არავისთვის საიდუმლო არ არის. მაგრამ... იქნებ, იგი ვინმეს მითითებით მოქმედებდა? თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ხელისუფლებისთვის იყო მომგებიანი, პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით ხომ არა? და თუ 25 ნოემბრამდე საზოგადოებაში ჩუმად საუბრობდნენ საქართველოს შს მინისტრის - მერაბიშვილის გულთბილ დამოკიდებულებაზე სხვა ოპლიდერ გუბაზ სანიკიძის მიმართ, დღეს ამგვარი ბრალდებები უკვე ბურჯანაძის მიმართაც ისმის... გამორიცხული არ არის, რომ მიშამ ნინოს ბათუმიდან დაურეკა, კონცერტზე მიიწვია, და ისე, სასხვათაშორისოდ შესთავაზა: ჭკვიანად მოიქცეს და ხალხი სახლებში გაუშვას, არადა, დააპატიმრებენ მამამისს, ანზორს, და ციხეში აყურყუტებენ მანამდე, სანამ ნინო არ გადაიხდის იმდენსავე დოლარს, რამდენი ხორბლის მარცვალიც დაუფქვია თავისი ცხოვრების მანძილზე პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის ექს-პრეზიდენტ ანზორ ბურჯანაძეს!
PP.S. ღამით დედაქალაქის მერიის მუშებმა დაშალეს სცენა პარლამენტის შენობის წინ, ხოლო ერთ მუჭა, კარვებში დარჩენილ, მომიტინგეებთან მივიდნენ ნინო ბურჯანაძე და კახა შარტავა... “ჩვენ აქედან წასასვლელი ადგილი არსად გვაქვს!” - უთხრეს მათ აქციის მონაწილეებმა. პასუხად ნინომ და კახამ მოუწოდეს, არ დაეცნენ სულით და დაჰპირდნენ, რომ თუ დღეს, 14:00 საათზე შეიკრიბება ხალხის საკმაო რაოდენობა, “საბოლოოდ დაასრულებენ ამ ხელისუფლებას”(?!).
როგორც ჩანს, ოპლიდერებს, რომლებიც გაერთნენ “არითმეტიკით” და მიტინგოერთეულების დათვლით, დაავიწყდათ, რომ ამგვარ ვითარებაში ყველაფერს წყვეტს კრების სულისკვეთება და არა შეკრებილთა რაოდენობა! კრების სულისკვეთება კი მის ლიდერებზეა დამოკიდებული: 2007 და 2009 წლებში ლიდერების განკარგულებაში 200-300 ათასი მომხრე იყო, მაგრამ მათ თავიანთი უნიჭობით, შიშითა და გამყიდველობით ეს შესაძლებლობა წყალს გაატანეს...
“ვნახოთ, როგორც თქვა ბრმამ” - ამ სიტყვებით დაასრულა საქინფორმმა თავისი ანალიტიკური პუბლიკაცია “თბილისი 25 ნოემბრის მოლოდინში გაირინდა”. 25 ნოემბერს კი აღმოჩნდა, რომ ბრმა ბევრ თვალხილულზე უკეთ ხედავს. ამიტომ ვაგრძელებთ სიცოცხლეს და წინ ვიყურებით, რაც არ არის იოლი: გუშინ გააძვირეს წყლის საგადასახადო ტარიფი, ძვირდება მეტროთი მგზავრობა და, ხელისუფლება ჰაერზე გადასახადსაც თუ დააწესებს, ასეთი ლიდერების შემხედვარე ქართველი ხალხი რუსთაველის პროსპექტზე აღარ გამოვა.