ღამის აფეთქებები და ხანძარი თბილისის ცენტრში
27 ნოემბრის ღამეს თბილისის ცენტრში ორი მძლავრი აფეთქება გაისმა. პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 01.35 საათზე ქალქის ცენტრში - ივანე ჯავახიშვილის ქ № 88-ში მოხდა, სადაც განთავსებულია ორი ერთმანეთის მომიჯნავე და საერთო, გამყოფი კედლის მქონე - „საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა“ და სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო კოლეჯის შენობები(ფოტო №1,2,3).
ასაფეთქებელი ნივთიერება კოლეჯის ნახევრად სარდაფის ტიპის სართულის ფანჯარაში შეაგდეს, სადაც მდებარეობდა გარდერობი და ინახებოდა საცეკვაო კოსტიუმები (ფოტო №4, 5, 6, 7).
როგორც შემთხვევის ადგილიდან საქინფორმის კორესპონდენტი იტყობინება, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე საცხოვრებელი სახლების ფანჯრები ჩარჩოიანად ჩაამსხვრია, კედლები დაიბზარა და დაზიანდა, ხოლო მინის ნამსხვრევები კედლებსა და ხეებს შეესო და მძინარე მოქლაქეთა ბინებში ჭურვის ნამსხვრევებით შეცვივდა. ერთ-ერთი ასეთი ნამსხვრევით გულში სასიკვდილოდ დაიჭრა მოპირდაპირე მხარეს მცხოვრები ლეიბორისტული პარტიის წევრი, 58 წლის ნინო გორდეზიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში მიყვანისათანავე გარდაიცვალა (ფოტო №№ 8,9,10).
ჩუღურეთის რაიონში მომხდარმა აფექებამ გააღვიძა საბურთალოს, ნაძლალადევის, მთაწმინდისა და დიდუბის რაიონის მცხოვრებლებიც, რადგან ის პრაქტიკულად მთელ ქალაქში ისმოდა. ხალხი ტელევიზორებსა და რადიომიმღებებს მიცვივდა და ერთმანეთთან რეკვა დაიწყო - იშვა ვერსიები, რომ აფეთქება რომელიღაც გაზსადენის ჰესზე მოხდა და ის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის აფეთქებამ, ანდა მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულმა კორპუსმა გამოიწვია.
ადგილზე ოპერატიულად გამოცხადებულმა პოლიციის პატრულისა და კრიმინალისტთა ჯგუფების ეკიპაჟებმა შემთვევის ადგილი შემოღობეს და მთელი ღამე აუცილებელ სამუშაოებს ატარებდნენ, რის შემდეგაც, დილისთვის, ალყა მოხსნეს (ფოტო №№ 11, 12, 13).
შემთხვევის მომენტში ლეიბორისტების ოფისში არავინ იყო დაცვის გარდა, რომელმაც მაშინვე შეატყობინა პარტიის თავმჯდომარეს მომხდარის შესახებ. დილისთვის იქ ცენტრალური ოფისის თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებიც მომხდარს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ მიმართულ დაშინების აქტად აფასებენ (ფოტო №14,15).
ქუჩა მოფენილია მინის ნამსხვრევებით და იქ უკვე მივიდნენ ქალაქის შესაბამისი სამსახურები, რათა ტერიტორიის დროული დასუფთავება უზრუნველეყოთ (ფოტო № 16, 17,18).პოლიციელები კომენტარისგან თავს იკავებენ და ჯერჯერობით არ იციან, ასაფეთქებელი ნივთიერება თვითნაკეთი იყო თუ საბრძოლო ყუმბარა.
შეგახსენებთ, რომ შორიახლო, რამდენიმე ათეულ მეტრში - უძველესი მართლმადიდებლური ტაძარი მდებარეობს (თბილისში იმ ორი ტაძრიდან ერთი, სადაც ღვთისმსახურება რუსულ ენაზე აღესრულება) - წმინდა ალექანდრე ნეველის ეკლესია, სადაც დილიდან, ჩვეულებრივ, საკვირაო ლიტურგია დაიწყო.
მეორე, არანაკლებ მძლავრი აფეთქება, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ადგილობრივი დროით 02.30 საათზე გაისმა თბილისის გარეუბანში - მუხიანში. შეგახსენებთ, რომ ეს, შედარებით ახალი, მჭიდროდ დასახლებული რაიონი ტიპიურ თანამედროვე, პირველ სართულებზე მაღაზიებიან კორპუსთა კომპლექსს წარმოადგენს. ბომბი ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში დადეს (ანდა შეაგდეს). მსხვერპლი და განსაკუთრებული ნგრევა აქ არ ყოფილა. ჩაიმსხვრა მინები, ხოლო წინასწარი მონაცემებით, კორპუსთა ბეტონის კედლები არ დაზიანებულა. თუმცაღა, მაღაზიაში ყველაფერი განადგურებულია - საქონელიც, ავეჯიც და ტიხრებიც.
საქინფორმის კორესპონდენტები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ და მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ მკითხველს კვლავაც ვაცნობებთ.