პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „წინა ხელისუფლების დროს 150-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული, ეს ადამიანები გაიტაცეს, მოკლეს, ზოგი წყალში გადააგდეს, ზოგი დამარხეს. ადამიანების გაუპატიურება ხდებოდა, მათი ოჯახის წევრების გაუპატიურება, წამება“

6საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 26 დეკემბერის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული გოგიტა აბულაძის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

"მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გამოვიძიეთ რამდენიმე საქმე დაკარგული ადამიანების, რომლებიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დავალებით გაიტაცეს. ეს გამოძიებით დადგენილია და სასამართლომ მიუსაჯა კიდევაც. ადამიანები გაიტაცეს, პირდაპირი მნიშვნელობით მოკლეს, ზოგი წყალში გადააგდეს, ზოგი დამარხეს. კუდ-ის თანამშრომლები პირდაპირი მნიშვნელობით ხოცავდნენ ხალხს, მათი უფროსების დავალებით.

არ მინდა კიდევ ერთხელ დავძაბო საზოგადოება, მაგრამ ადამიანების გატაცება ხდებოდა, მათი გაუპატიურება, მათი ოჯახის წევრების გაუპატიურება, წამება, მკვლელობა. ყველაფერი ეს რეალობა იყო. მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც აღმოვაჩინეთ დამარხული კასრები, სადაც იარაღი იყო ჩამარხული, იქ ვიდეოკადრებიც ვიხილეთ, როგორ აწამებდნენ. ყველა ადამიანი, ვინც იმ ვიდეოკადრებზე იყო, პასუხისმგებლობაში მივეცით.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირი მნიშვნელობით ტერორისტულ აქტებს უგეგმავდნენ საკუთარ მოსახლეობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.