პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „ნაადრევია იმაზე საუბარი - როდის და რა ფორმატში გაიმართება პუტინთან შეხვედრა. მთლიანობაში ჩვენ გვაქვს მზაობა, თუმცა ეს შეხვედრა ძალიან კარგად უნდა დაიგეგმოს და მომზადდეს. ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის“

5საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 26 დეკემბრის შემაჯამებელ კონფერენციაზე უპასუხა კითხვას რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესაძლოა შეხვედრის თაობაზე.

მთლიანობაში ჩვენ გვაქვს მზაობა და ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ, თუმცა, რასაკვირველია, ეს შეხვედრა ძალიან კარგად უნდა დაიგეგმოს და მომზადდეს. მიგვაჩნია, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, როდის და რა ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრა... რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზაობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა უნდა შედგეს.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ 2 წლის განმავლობაში მოგვეხდინა ურთიერთობების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ფარგლებში გადაგვეყვანა ყველაფერი. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს'', - განაცხადა ღარიბაშვილმა.