აქტუალური
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

OOn-aqtual-1საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 22 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დეკემბრის თვის შემაჯამებელ სხდომაზე უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა - ლიტვამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ- და ავსტრალიამ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. საბჭოს წევრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონთან გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება" ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოითქვა შეშფოთება, რომ ანალოგიური „ხელშეკრულების" გაფორმება ცხინვალის რეგიონთან მიმართებითაც იგეგმება.

უშიშროების საბჭოს წევრებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ინტერვენცია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში განხორციელებული უკანონო ქმედებები რუსეთის მიერ მისი მეზობლების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას ადასტურებს.