საზოგადოება
,,თუ ასე გაგრძელდა, შესაძლებელია, მგლები ქალაქშიც გამოჩნდნენ”

grey-wolfსამეგრელოს რეგიონში მგლების ბუდე ურთის მთაზეა, იქიდან ჩამოდიან და ესევიან სოფლებს. მოსახლეობა შეძრწუნებული და შეშინებულია, ითხოვს დახმარებას. ზუგდიდის მონადირეთა კავშირის თავმჯდომარის - გურამ თირქიას თქმით, მგლების დახოცვა მთელ რიგ სირთულეებსა და სიძნელეებს უკავშირდება. ,,ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებთან. ამ ხელშეკრულებით ზუგდიდში უნდა მოვკლათ 7, ხოლო ხობში 5 მგელი. მეტის უფლებას არ გვაძლევენ, რადგან მგელს სხვადასხვა უარყოფით თვისებებთან ერთად სანიტარიის ფუნქცია აკისრია, ანადგურებს ავადმყოფ ცხოველებს. თუმცა, რაზეც ნებართვა გვაქვს, იმდენსაც ვერ ვანადგურებთ. მგელი ძალიან ფრთხილი ცხოველია. ადამიანის სუნს 300-400 მეტრის მოშორებით გრძნობს. თანაც დავალებული გვაქვს მგლები ჩასაფრებით მოვკლათ, რადგან სხვა ცხოველები არ დაზარალდეს. ასე მგლის მოკვლა თითქმის შეუძლებელია, ამიტომაც შარშან და წლეულს სულ ოთხი მგელი მოვკალით, - აცხადებს გურამ თირქია, - მგლების გასანადგურებლად აუცილებელია მონადირე ძაღლები, 20-მდე მაინც, რომლებიც შევლენ ტყეში და მოუჭრიან მგლებს გასაქცევ გზებს. ამის ნებართვას არ იძლევიან. არადა, მგლები მრავლდებიან – ამჟამად ერთ დედა მგელზე მოდის 5 ლეკვი. ძალიან გვიჭირს ფინანსურადაც. თითო გასვლა 80-100 ლარი გვიჯდება. ფულს მხოლოდ მაშინ გვაძლევენ, თუ მგელი მოვკალით. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლებელია, მგლები ქალაქშიც გამოჩნდნენ”.