სამართალი
საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს ოჯახის წევრებთან და საქართველოში უკრაინის კონსულთან ლუბომირ კაროლთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრნენ.
„მთელი ხელისუფლება, მთავრობა და ხალხი ამ ოჯახისადმი სოლიდარულები ვართ. რაც შეეხება მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, გადმოსვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ყოველგვარი ღონისძიებები მთავრობამ და ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო", - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.
„თანავუგრძნობ ალექსანდრეს ოჯახს. მინდა მთელი უკრაინის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას. მადლობა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტში გვერდში გვიდგახართ", - განაცხადა უკრაინის კონსულმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. 2007-2008 წლებში იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.