აქტუალური
რესტორანი „თავადურის“ საახალწლო პროგრამა: „რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტია თბილისში სცემეს

aqtual-3საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. 20-დან 21 დეკემბერის ღამეს თბილისში მყოფი „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია მეგობრებთან ერთად თბილისის რესტორან „თავადურში“ ილხენდა. მას შემდეგ, რაც რესტორნიდან გამოვიდა, რათა ავტომანქანიდან რაღაც აეღო და უკან შებრუნებულმა რესტორნის დარბაზში შესვლა დააპირა, რესტორნის დაცვამ,  დაცვის კერძო დაწესებულებიდან „ალგანი“, იგი უკან არ შეუშვა და სცემა.

ღამით მიხეილ ხუბუტიამ ჩვენება მისცა ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის ორთაჭალის განყოფილებას. მას სახეზე აქვს ნაკაწრები, ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება საქართველოს სსკ 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

აი რას წერს ინციდენტთან დაკავშირებით თავად მიხეილ ხუბუტია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე (იბეჭდება ცვლილებების გარეშე):

„ეს მიზანმიმართული და სპონტანური პროვოკაცია იყო! საქართველოში, კანონით, ადამიანზე ხელის აწევა არ შეიძლება! რესტორანში დაცვის გარეშე ვიყავი! აღმასრულებელმა დირექტორმა დაცვასთან ერთად დაიწყო ჩემი და ვ. ვ. პუტინის დედის გინება, ასევე აგინებდნენ რუსეთსაც! ოთხმა კაცმა მცემა, შემდეგ წამაქციეს და წაქცეულს დამიწყეს ცემა! მადლობა ღმერთს, პოლიციამ იპოვა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მცემენ წაქცეულს! სირცხვილი!!! არავითარი კაცობა!!! ამ ფაქტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ასეთივე არაადამიანების კომენტარები! დაცვის სამსახური "ალგენიც" (თუ არ ვცდები) სარკაზმით იქცეოდა! აი, რა მოიტანა საქართველოსთვის გლობალიზაციამ! მადლობა ყველას, ვინც დილამდე ჩემთან იყო და განიცდის ასეთ უკანონობას! დარწმუნებული ვარ, დამნაშავეებს კანონის მიხედვით დასჯიან!".

გუშინ საღამოს, 21 დეკემბერს კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა სრულებით საწინააღმდეგო ვერსია: როგორც რესტორნის თანამშრომლები ირწმუნებიან, ყველაფერი რესტორნის შიგნით მოხდა და კონფლიქტის პროვოცირება თავად ხუბუტიამ მოახდინა, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაცვას, რესტორნის დირექტორსა და დარბაზის მენეჯერ ქალს, რომელმაც მას სცენაზე ასვლის უფლება არ მისცა.