პუბლიკაციები
„პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფ - PMCG”-ის დასკვნა: „ვალუტის კურსის მკვეთრი გაუარესების მიზეზები“

1consalt-pol-2-anსაქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისის პიკურ პერიოდში 1 აშშ დოლარი დაახლოებით 2.05 ლარად იყიდებოდა, რაც ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფუნდამენტური მიზეზების მიუხედავად (სავაჭრო ბალანსის გაუარესება, ფულადი გზავნილების შემცირება, ტურისტების ნაკადის შეფერხება) არაბუნებრივად მაღალი ნიშნულია.

პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფ - PMCG”-ის ეკონომიკური ბიულეტენის მიხედვით, გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუარესება ბაზარზე მოთამაშეების სპეკულაციურმა ქმედებებმა და როგორც მოსახლეობის, ასევე, ბიზნესის პანიკურმა კონვერტაციებმა გამოიწვია.

2014 წლის ნოემბრამდე ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ სტაბილური იყო. ამავდროულად, დოლარი მყარდებოდა სხვა ვალუტების მიმართ (ევრო, რუსული რუბლი, უკრაინული გრივნა, სომხური დრამი). ამ პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობას, დიდწილად შეუწყო ხელი 2014 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში შემოსულმა მაღალმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (508 მილიონი აშშ დოლარი).

თუ დავაკვირდებით გასული წლის ტენდენციას, ლარის გაცვლით კურსს დოლარის მიმართ 2013 წლის ბოლოსაც ახასიათებდა მოკლევადიანი რყევები. ეს ძირითადად გამოწვეული იყო წლის ბოლოს მთავრობის გააქტიურებით საბიუჯეტო ხარჯების გაწევის მიმართულებით.

გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე გავლენას ახდენს შემდეგი ძირითადი ფაქტორები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი, სახელმწიფო საგარეო ვალი, სავაჭრო ბალანსი (ექსპორტი და იმპორტი), ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, აგრეთვე ფულის მასა (M2). ეკონომიკური ბიულეტენის მიხედვით, დეკემბრის დასაწყისში ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა არ ქმნიდა ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების წინაპირობას და ადგილი ჰქონდა კლასიკურ სპეკულაციურ შეტევებს და პანიკურ კონვერტაციებს. ამას ადასტურებს ლარის კურსის ტრენდული გამყარება მიმდინარე კვირის დასაწყისისიდან, რაც გაგრძელდება და გაცვლითი კურსი დასტაბილურდება საბაზრო ნიშნულამდე.

საქართველოს აქვს მართვადი მცურავი სავალუტო პოლიტიკა, რაც გულისხმობს თავისუფალ რეჟიმს სხვა ვალუტებთან მიმართებაში, როდესაც გაცვლითი კურსი იცვლება მსოფლიო სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ცვალებადობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ქვეყნის ეროვნული ბანკი გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრაზე.