პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: «ЧТО ТАКОЕ ХОРОШО И ЧТО ТАКОЕ ПЛОХО» №2

polit-1-redaq-1კარგია, რომ 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტი მარგველაშვილის ვეტო დაძლია და მიიღო კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.
ცუდია, რომ „რესპუბლიკელებმა“ უღალატეს „ქართულ ოცნებას“ და ხმა „ნაციონალებთან“ ტანდემში „წინააღმდეგ“ მისცეს. ამით დადასტურდა ჩემი 5 ნოემბრის პროგნოზი - რომ ალასანიასა და „თავისუფალი დემოკრატების“ შემდეგ, ივანიშვილის მიერ შექმნილ „ოჯახს“ დაემშვიდობებიან ცოლ-ქმარი  უსუფაშვილი-ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები და პროსტი-ტუციონალისტი ხმალაძე, ანუ „რესპუბლიკური პარტია“.
კარგია, რომ დღეს საქართველოს, პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ წყალობით, არა მარტო „ბორჯომისა“ და ღვინის  ექსპორტი რუსეთში, არამედ რეფორმების ექსპორტირება შუძლია ამერიკასა და ევროპაში! - განცხადა ივანიშვილმა და ამით ბოლოს და ბოლოს გვერდი-გვერდ დააყენა მარგველაშვილი, „რესპუბლიკელები“ და „ნაციონალები“!

ცუდია, რომ ადრე ივანიშვილს „პლასტილინ“ მარგველშვილის „საოცარი პრეზიდენტობის“ სჯეროდა და  „რესპუბლიკურ პარტიას“ ყოველთვის ეტალონად წარმოადგენდა. ახლა კი ბატონ ბიძინას უკვირს მათი ვერაგობისა და სიმდაბლის, რასაც რუსეთშიც კი „ველური კაპიტალიზმის“ თარეშის დროსაც არ წასწყდომია...

კარგია, რომ ჩვენი პარლამენტარები ისე ძალიან ზრუნავენ ადამიანის უფლებებზე, რომ კვირა დღეც კამათში გაატარეს - თუ ვის უნდა ჰქონდეს მოსმენების გასაღები: შსს-ს, სასამართლოს, სატელეფონო პროვაიდერს, თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს?

ცუდია, რომ პარლამენტარები ხალხის ფულით უაზროდ დასეირნობენ ქუთაისში და არ ესმით, რომ სამსახურებრივი მდგომარეობით ბოროტად მოსარგებლე შესაძლოა აღმოჩნდეს შსს-ს „ოტო“შნიკიც, სატელეფონო პროვაიდერის ოპერატორიც, კორუმპირებული მოსამართლეცა და სპეციალური ინსპექტორიც! ამიტომ, სტრუქტურები კი არა, ღირსეული მოუსყიდავი კადრები უნდა შევარჩიოთ, და რაც მთავარია -  შევქმნათ საკანონმდებლო სისტემა, რომელიც  სააკაშვილის სინდრომის რეციდივს გამორიცხავს! თუკი, რასაკვირველია, ჩვენს პოლიტიკოსებს არ სურთ, აღმოაჩინონ YouTube-ზე თავისი ოინებისა და სექსუალური გართობის ჩანაწერები...

კარგია, რომ გასულ კვირას „რესპუბლიკელებმა“ მთავარ პროკურატურას შეუტიეს: პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი - „პროკურატურაში სრული განუკითხაობაა! რომელ პარლამენტარებთან თანამშრომლობენ ისინი ჩემს ზურგს უკან?!“; უშიშროების საბჭოს მდივანი იმერლიშვილი - „პროკურატურასთან პრეტენზიები მაქვს - რატომ აჭიანურებენ ლაფანყურის ოპერაციის გამოძიებას?!“

ცუდია, რომ სინამდვილეში „რესპუბლიკელები“ ვაშინგტონიდან ალასანიას ლობისტების დავალებას ასრულებენ  - გადააყენონ პრემიერ ღარიბაშვილის ერთგული, საქართველოს მთავარი პროკურორი ბადაშვილი, რომელმას „ხელის აწევა“ გაბედა ნატო-ცე-რე-უ-პენტაგონის ფავორიტზე და საქმე თავდაცვის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებზე აღძრა...

კარგია, რომ გასულ კვირას ფარული ჩანაწერების განადგურების კომისიის წევრებმა შსს-ს წინააღმდეგ კამპანია „ეს შენ გეხება! ჩვენ ისევ გვისმენენ!“ ახალი ძალებით წამოიწყეს. მათი თქმით, მერაბიშვილის ხანა რომ აღარასდროს არ დაბრუნდეს... (ისე, შსს ნამდვილად იმსახურებს კრიტიკას - იმიტომ, რომ არ გაასაჯაროვა იმ „NJO”-ების ხელმძღვანელთა დაფინანსების წყაროები, რომლებიც ზემონახსენებ კომისიაში შედიან და ძირგამომთხრელ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან...).

ცუდია, რომ ზემოხსენებულ „უფლებადამცველებს“ ეს არ ეხებოდათ როცა ჩვენ გვისმენდნენ სააკაშვილის დროს და ეს მხოლოდ დღეს გაახსენდათ. „საქართველოში - პოლიციური რეჟიმია!“ - აღშფოთებულია ტუღუში, „შსს-ში ბოროტმოქმედები არიან, საქართველოს ასეთი პოლიციით ევროკავშირში არ მიიღებენ!“ - ბანს აძლევს უსუფაშვილი, რომელიც რეფორმებში ღარიბაშვილის ერთგული შს მინისტრი ჭიკაიძის გადაყენებას გულისხმობს. ღარიბაშვილისა, რომელმაც ზემოთ ნახსენები კომისია ასე წინდაუხედავად დააკომპლექტა, ღარიბაშვილისა, რომელმაც შს მინისტრობის დროს ათობით ათასი ფარული ჩანაწერი გაანადგურა, რომელთა შორისაც კომპრომატები ამ კომისიის წევრებზეც არსებობდა...

კარგია, რომ 1 დეკემბერს ომბუდსმენმა პარლამენტს ლაფანყურის სპეცოპერაციის შესწავლის შედეგები წარუდგინა და დაადასტურა - სააკაშვილი ცრუობდა, საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან არავითარი ჯგუფი არ შემოსულა!

ცუდია, რომ ნანუაშვილი დღესაც ვერ რისკავს სრული სიმართლის თქმას: 2012 წლის 7 ნოემბერს, „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ დოშუევი და დანარჩენი ჩრდილოკავკასიელები სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს - იმის გამო, რომ მათ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე უარი განაცხადეს ივანიშვილის მოკვლაზე! ეს თელავისკენ მიმავალ გზაზე უნდა მომხდარიყო, სადაც ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებთან შესახვედრად მიემართებოდა. სწორედ იმიტომ, რომ არასდროს დასცდენოდათ სააკაშვილის წინადადებაზე, 2012 წლის 29 აგვისტოს მათ სალიკვიდაციოდ ლაფანყურის სპეცოპერაცია ჩატარდა...

კარგია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა გამუდმებით ატყობინებს საზოგადოებრიობას ჟვანიას დაღუპვის საქმეში დიდი წინსვლის შესახებ!

ცუდია, რომ პრემიერ-მინისტრის მკვლელს საშუალება მისცეს დაუბრკოლებლად დაეტოვებინა საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2005 წლის 7 თებერვლიდან, მკვლელობის მეოთხე დღიდან, არაერთხელ მოვუთხრე „ასავალ-დასავალს“ - რატომ და რისთვის მოკლა სააკაშვილმა ჟვანია, მიაყოლა უსუფოვის და როგორ არიან ამაში გარეული ზურას „მეგობრები“...

კარგია, რომ 2 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ ბოლოსდაბოლოს აღიარა - უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის ექსმაღალჩინოსნების დანიშვნა, რომელსაც ქართულმა სასამართლომ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა, ზიანს მიაყენებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს!

ცუდია, რომ უკრაინელმა სერგეენკომ არ შეისმინა, როცა 1 სექტემბერს, „ობიექტივისა“ და საქინფორმში ღია წერილის მეშვეობით, გავაფრთხილე - თუ  უკრაინის და არა პოროშენკოს რეჟიმის დახმარება გსურს, არ დაჰყვე სააკაშვილის პროვოკაციებს და ბენდეროველ ფაშისტებს არ გაუგზავნო სატვირთო თვითმფრინავები ექიმებითა და მილიონობით დოლარის მედიკამენტებით...

კარგია, რომ ნავთობზე მსოფლიო ფასის 50%-ით ვარდნასთან დაკავშირებით საქართველოში ორჯერ შემცირდება ბენიზის ფასი და „ქართული ოცნება“ გადაჭარბებით შეასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას! კარგია, რომ ქართული ლარის კურსის მკვეთრ ვარდნასთან დაკავშირებით, შემცირდება პურის МАССА НЕТТО: გავხდებით და გავჯანსაღდებით!

ცუდია, რომ საქართველოში გაიზრდება МАССА NATO და საწვრთნელი ცენტრების გახსნის შემდეგ ის მსოფლიოში 151-ე ქვეყნად იქცევა, სადაც აშშ-ს ჯარები დგას...

კარგია, რომ მომავალი წლის სექტემბრიდან 10 ლარით პენსიების ზრდის ინიციატორი - ფინანსთა მინისტრი ხადური შეგვპირდა, რომ გადაჭარბებით შეასრულებს მიმდინარე წლის ბიუჯეტს! კარგია, რომ ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი ტელევიზიით გამოვიდა მოწოდებით, არ ავყვეთ პანიკას ლარის კურსის ვარდნის, და, შესაბამისად, პროდუქტებზე ფასის ზრდის გამო: „რუსული რუბლიც ეცემა, რუსეთი კი საქართველოს მთავარი და ძირითადი ეკონომიკური პარტნიორია. აი მთელი მიზეზიც!“ – „დაამშვიდა“ ხალხი კვირიკაშვილმა.

ცუდია, რომ ზემოხსენებულმა მინისტრებმა  ბოლო სიხარულიც წაგვართვეს - დავიხოცოთ გასაჭირში, სამაგიეროდ, ამაყი აზრით, რომ საქართველო დღეს - არა „ჩამორჩენილი“ რუსეთის, მისი სანედლეულო ეკონომიკით, არამედ ცივილიზებული ევროპისა და მაღალტექნოლოგიური აშშ-ის პარტნიორია! რომლებიც საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ვირუსების გარდა, არაფერს არ აწარმოებენ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 8 დეკემბერი
საქართველო, თბილისი