უცხოეთი
საქართველოს იუსტიციის ექსმინისტრი შესაძლოა უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს ჩაუდგეს სათავეში

zar-3საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველი სამართალდამცველების მიერ ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ ძებნილი იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში თანამდებობაზე ინიშნება.
როგორც „Frontnews”-ს უკრაინის პოლიტიკური კულუარებიდან აცნობეს, ადეიშვილი ანტიკორუფციულ საკითხებში მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

სავარაუდოდ, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას საზოგადოებას მომავალი კვირის დასაწყისში, ახალი სამთავრობო გუნდის წარდგენისას გააცნობს.

ცნობისთვის, უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე ინიშნება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გუნდმა უკრაინის რადას მიმართა ინიციატივით შესაბამისი ცვლილებების გატარების თაობაზე, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრაინაში მინისტრის პოსტის დაკავების უფლებას მისცემს. საუბარია საქართველოს, აშშ-ის, გერმანიის, პოლონეთისა და ლიტვის მოქალაქეობის მქონე პირებზე.

ნაციონალური მოძრაობის” წევრები ყოფილი მაღალჩინოსნების ეკა ზღულაძისა და ზურა ადეიშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე მოსალოდნელ დანიშვნას არ ადსტურებენ.

დეპუტატ გიორგი ბარამიძის განცხადებით, დაინიშნებიან თუ არა ადეიშვილი და  ზღულაძე უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე – უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია.

ეს უკრაინის პრეზიდენტის, პარლამენტის და მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა ის, რომ ჩვენი წევრები უკრაინის მთავრობას ეხმარებიან იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ეს დასამალი არ არის’’, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.