პოლიტიკა
სახალხო კრების ორგანიზატორები "ხალხის ძალას დღეს კიდევ ერთხელ მოსინჯავენ"

aqc-25სახალხო კრების ორგანიზებით პარლამენტთან მორიგი მიტინგი დღეს, 14:00 საათზეა დანიშნული. როგორც გუშინდელ აქციაზე "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, დღეს ხალხის ძალას კიდევ ერთხელ მოსინჯავენ. მისი თქმით, თუ დღეს ბევრი ხალხი მივა, კრების გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გამოცხადებას ეხება, აღსრულდება. შარტავას განცხადებით, მას აინტერესებს, რას იზამს დღეს თბილისი - დადგება თუ არა რუსთაველის გამზირზე მაშინ, როდესაც რეგიონებიდან ათასობით ადამიანია ჩამოსული. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს მიტინგის დანიშვნის გადაწყვეტილება ხალხის მოთხოვნით მიიღეს. მისი თქმით, თუ დღეს პარლამენტთან ბევრი და რადიკალურად განწყობილი ხალხი მივა, იქნება ქმედებები და მისი ლოგიკური დასასრული. მისი თქმით, გუშინ აქტიური და რადიკალური ქმედებები ვერ დაიწყეს, ვინაიდან ამისთვის ხალხის რაოდენობა არასაკმარისი იყო. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კრება უშედეგოდ დასრულდა და მათ ოპოზიციამ იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუა. შეკრებილთა ნაწილი კრების დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირს არ ტოვებდა და ლიდერების უკან მისვლას ითხოვდა. ამ მოთხოვნის შემდეგ პარლამენტის წინ კვლავ დაბრუნდნენ ნინო ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა. სწორედ ამ დროს გამოცხადდა დღეისთვის, 14:00 საათზე მიტინგის გამართვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.