"სქაი-ჯორჯიას" 25 მილიონის დავალიანება დაუგროვდა
ავიაკომპანია "სქაი ჯორჯიას" გადახდისუუნაროდ ცნობის საკითხს სასამართლო განიხილავს. კომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე, მენეჯმენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, კომპანიას 25 მილიონი ლარის კრედიტორული დავალიანება დაუგროვდა.
კრედიტორებს შორის არიან “ლილო სითი”, “ბი პი საქართველო”, “ჯორჯიან პეტროლიუმი”, “ბელავია”, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ და “ლიბერთი ბანკი”. 2010 წლის მაისში მენეჯმენტმა კომპანიაში რეაბილიტაციის მმართველის შეყვანა გადაწყვიტა და დაინიშნა არჩევნები. „სქაი ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ 12 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლემ კენჭისყრაზე მხოლოდ “ლიბერთის” კანდიდატურა დააყენა, რომელსაც არც ერთმა კრედიტორმა არ დაუჭირა მხარი. თუმცა მოსამართლემ თავად დანიშნა ჩავარდნილი კანდიდატურა. კომპანია მზადაა, რეაბილიტაციის რეჟიმში იმუშაოს, თუმცა ყველა საკითხის გადაწყვეტას კანონის დაცვით ითხოვს. „სქაი-ჯორჯია“ ავღანეთის მიმართულებით ნატოს ტვირთების გადაზიდვას ახორციელებს.ლიბერთი ბანკი“ “სქაი ჯორჯიასთან” დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობა კონფიდენციალურია, ამიტომ არ აპირებს ბიზნესეთიკა დაარღვიოს და კლიენტის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთოს.