საზოგადოება
ბურჯანაძე: “სააკაშვილი რომ გასამართლებულიყო, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში სხვა ვითარება იქნებოდა”

1-Burja-sazog-2საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „რუსთვი-2“-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

"ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გვიწევს საუბარი. რადგანაც, სააკაშვილი რომ გასამართლებულიყო, სისტემა და რეალობა რომ შეცვლილიყო, ნამდვილად სხვა ვითარება იქნებოდა, როგორც აფხაზეთთან, ასევე სამაჩაბლოსთან მიმართებაში. ბევრი რამისთვის უნდა დაისაჯონ და მათ შორის უპირველესად 2008 წლის აგვისტოს ომისთვის. აფხაზები და ოსები მხოლოდ ამის შემდეგ დაგველაპარაკებიან. რაც შეეხება, თავად ამ პრობლემას, პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, რაღაც ნაწილმა კი არჩევნებზე არმისვლით, ხელი შეუწყო და აირჩია ის ხელისუფლება, რომელიც არ არის კომპეტენტური და გამბედავი, რომ რამე პრობლემა მოაგვაროს. ამ ხელისუფლებას არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა არ აქვს",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.