პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზადაა

1-Kuki-polit-1საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი „თავისუფალი საქართველო“ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად  ოპოზიციასთან კონსულტაციების  დაწყებასთან დაკავშირებით და აქტიურად მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას.

მოვლენების განვითარების ლოგიკა გვკარნახობს სიტუაციის მკვდარი წერტილიდან დაძვრის აუცილებლობას. სააკაშვილის დროინდელი PR-ზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა დასრულდეს. დაყოვნება დაუშვებელია, ვინაიდან კიდევ უფრო მეტი პრობლემები დაატყდება თავს ქვეყანას, რისი გამოსწორებაც მომავალში შესაძლოა გადაულახავი ამოცანა აღმოჩნდეს.

ვფიქრობთ, ეს არის პრეზიდენტის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ კონკრეტულად მოცემულ საკითხზე, არამედ ქვეყანაში ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების თვალსაზრისითაც, რამეთუ პრეზიდენტი (განსაკუთრებით საპარლამენტო რესპუბლიკაში) უნდა იყოს მთელი ქვეყნის და არა მხოლოდ მმართველი პარტიის პრეზიდენტი.

თავისუფალი საქართველოს
პოლიტიკური საბჭო