შეთანხმებას ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა - ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ, - იუწყება ინტერფაქსი.
მანამდე სოჭში ლიდერებმა მოლაპარაკებები გამართეს ტე-ა-ტეტ-ის ფორმატში, შემდეგ კი მათ დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ.
პუტინის თქმით, რუსეთის საინვესტიციო პროგრამის მოცულობა 2015-2017 წლებში 4 მლრდ რუბლს შეადგენს ყოველწლიურად. 2015 წელს რუსეთი, თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმების ფარგლებში, აფხაზეთს 5 მლრდ რუბლს გამოუყოფს.
უწინ პუტინი აცხადებდა, რომ რუსეთის დახმარება აფხაზეთისთვის ორჯერ გაიზრდება „გასულ და მიმდინარე წელთან შედარებითაც“. ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს „ერთობლივი შეთანხმებით“ შეუძლიათ სოხუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც.
24 ნოემბერს აფხაზეთის დედაქალაქში გაიმართა რუსეთთან პარტნიორული შეთანხმების დადების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები. მოწინააღმდეგეთა მიტინგების მონაწილენი მიიჩნევევნ, რომ შეთანხმებამ შესაძლოა აფხაზეთის სუვერენიტეტი დაარღვიოს. მიტინგი პარტია „ამცახარას“ მიერ იყო ორგანიზებული.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უკვე უწოდა რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებას „ალოგიკური და აბსურდული ნაბიჯი“. ამასთან, საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების ძალისხმევას არასაკმარისად მიიჩნევს. 16 ნოემბერს თბილისში მრავალათასიანი ანტირუსული მიტინგი გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის მცდელობაში დაადანაშაულეს. აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, მიტინგის მიმდინარეობისას აქტივისტებს ვიდეოკავშირის მეშვეობით სიტყვით მიმართა ქვეყნის ექსპრეზიდეტნმა მიხეილ სააკაშვილმა.