პოლიტიკა
საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს წარუდგენს

1-komiss-polit-3საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვაკანტური წევრის შესარჩევად საკონკურსო კომისია შეიკრიბა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია ხელმძღვანელობს.

კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი 4 ნოემბერს გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ შემოვიდა 18 განაცხადი, რომელთაგან კომისია შეარჩევს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს არა ნაკლებ ორ და არა უმეტეს სამ კანდიდატურას. საქართველოს პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში ორ კანდიდატურას წარუდგენს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, რის შემდეგაც პარლამენტი ერთ კანდიდატს აირჩევს. ცესკო-ს წევრობის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად უპარტიო (პროფესიული) კანდიდატი შეირჩევა.

კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია ექვსი წევრისგან, რომელთაგან სამი - არასამთავრობო სექტორის, ხოლო სამი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელია.