ღარიბაშვილი: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია!“
საქართველო, 20 ნოემბერი,
საქინფორმი. მინდა იცოდეთ, რომ ორ წელიწადში ჩვენ შევძელით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალი 55 კილომეტრის აშენება, მაშინ როდესაც 2012 წლამდე, 7 წლის განმავლობაში, ჩქაროსნულ მაგისტრალზე მხოლოდ 70 კმ ახალი გზის გახსნა მოხერხდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე.
“რასაკვირველია გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მე სულ ახლახან დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს აქვს სერიოზული წინსვლა და რომ მისასალმებელია ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები. გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან. ხელშეკრულების მიხედვით, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება 30 მილიონი ევროს ოდენობით რეგიონული განვითარებისთვის”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.