სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „ქვეყნის დეოკუპაცია თითოეული მოქალაქის მისწრაფებაა და სრულიად მიუღებელია, როცა საყოველთაო პროტესტს ქვეყნის ანექსიის წინააღმდეგ ერთი პოლიტიკური ძალა თავის თავზე მიიწერს“

samart-2საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის საზოგადოებისადმი მიმართვა მისი "Facebook"-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ეს პროცესი შეუქცევადია...

რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევას და აფხაზებს სთავაზობს ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც არა მარტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეფასდება, არამედ აფხაზებს, როგორც ერს, გაქრობით დაემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩვენი აფხაზი ძმები შეეგუებიან ამას, კეთილგონიერებას გამოიჩენენ და საქართველოს დაუკავშირებენ თავიანთ მომავალს.

...სრულიად მიუღებელია, როცა საყოველთაო პროტესტს ქვეყნის ანექსიის წინააღმდეგ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა თავის თავზე მიიწერს... და ამას ის ხალხი ცდილობს, რომლის პოლიტიკამაც ხელი შეუწყო ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპირებას, დაიღუპა ასეულობით ადამიანი, დაიკარგა კოდორი და ახალგორი, დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი, დევნილად იქცა ათეულ ათასობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს თითოეული მოქალაქის ნებას, გამოხატოს თავისი აზრი“, - ნათქვამია, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.