საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. დავით ბაქრაძის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უკვე მოაწერა.
დავით ბაქრაძე 2002-2004 წლებში იყო შვეიცარიის კონფედერაციასა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს - ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, 2004–2005 წლებში კი - საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
2006-2008 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად. 2008-2010 წლებში იყო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის იანვრამდე იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2012 წლის მარტიდან დღემდე კი იყო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
2014 წელს დავით ბაქრაძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.