სამართალი
“ჟვანიას საქმის“ ექსპერტი მამუკა ჩხაიძე გარდაცვლილი იპოვეს

1-Mamuka-samart-1საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. 10 ნოემბერს, ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, 54 წლის პათანატომი მამუკა ჩხაიძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ჩხაიძე ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა. ინფორმაციას ამის შესახებ "ლიბერალი" ავრცელებს.

ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მამუკა ჩხაიძე პროკურატურაში დაკითხვებზე დადიოდა. მეგობრების თქმით, ბოლოს დაკითხვაზე ჩხაიძე 7 ნოემბერს, პარასკევს იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და მეზობლებთან ერთად ისადილა, მას შემდეგ კი ცოცხალი აღარავის უნახავს.

ჟვანიას საქმეზე მომუშავე ექსპერტებიდან ჩხაიძე პირველი არაა, ვინც მკვდარი იპოვნეს.

პრემიერის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე ყვარელში, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მოკლეს. ლევან სამხარაული იმ გამათბობლის ექსპერტიზას ესწრებოდა, რომლიდანაც, გამოძიების მიხედვით, გაზმა გაჟონა.

ჟვანიას საქმეზე მომუშავე კიდევ ერთი ექსპერტი, ლევან ჩაჩუა ციხეში ზის. გამოძიება მას „სამსახურეობრივი გულგრილობის გამოვლენის“ და „საქმის არაჯეროვნად შესრულების“ გამო ედავება.