სამართალი
სააკაშვილს, მერაბიშვილს, კოდუასა და სირაძეს ვ. გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ

1-GelaSvili-samart-2საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, შს ყოფილ მინისტრ ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ უფროს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროს გია სირაძეს ბრალდებები დაუმძიმდათ.

დაზარალებულის მიერ ლიტვაში ჩატარებული ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვალერი გელაშვილს დაუდგინდა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დაზარალებულისაგან გატაცებული ძვირადღირებული პირადი ნივთებისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიერ მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას.

გამოძიებით დადგენილმა ამ ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვიეს ბრალდებების დამძიმება (დაწვრილებით იხილეთ ბმულზე).

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს, თუმცა 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე აღნიშნული ფაქტი იყო გაუხსნელი.