პოლიტიკა
25 ნოემბერი, თბილისი, რუსთაველის პროსპექტი (პირდაპირი რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან)

aqc613.00

სახალხო კრებაში მონაწილეობის მისაღებად რეგიონებიდან ხალხი ორგანიზებულად მოდის.
ამის შესახებ საქინფორმს ''სახალხო კრების'' საინიციატივო ჯგუფის წევრმა განუცხადა, რომელიც საკუთარ ვინაობას მიზეზთა გამო არ ასახელებს. როგორც მან აღნიშნა, სახალხო კრებას დელეგატები ყველა რეგიონიდან დაესწრებიან. ისინი რეგისტრაციას პარლამენტის წინ 13:00 საათზე გაივლიან.

კრება 15:00 საათზე დაიწყება და კენჭი ეყრება პროექტს "უნდობლობის ვერდიქტი", სადაც ხელისუფლების მიმართ უნდობლობაა გამოხატული. მას შემდეგ, რაც ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისი სტრუქტურები შეიქმნება.
ჩამოყალიბდება გადაწყვეტილების აღსრულების ჯგუფი და ამ ჯგუფს ხალხი ნდობის მანდატს მისცემს. კრების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობის ძალა ექნება. მათივე თქმით, ისინი პროცესის დასრულებას სასურველი შედეგის გარეშე არ აპირებენ.aqc2

 

13.30

პარლამენტის შენობის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ჯგუფები. როგორც საქინფორმის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საპატრულო პოლიციის ფორმასა და თეთრ ჟილეტებში გამოწყობილი სამართალდამცავები პარლამენტის შენობას იცავენ, ამასთან სამართალდამცავთა ერთი ჯგუფი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფება. ამ დროისთვის სრულდება სცენის მოწყობა და მიმდინარეობს ხმოვანი აპარატურის დამონტაჟება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოება და ჟურნალისტები ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ საინიციატივო ჯგუფის წევრების გამოჩენას ელოდებიან. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოსახლეობა პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.
მოქალაქეებმა თავიანთი აზრი საქინფორმს გაუზიარეს. ნონა ახალაია თვლის, რომ პრეზიდენეტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ,,ხელისუფლების წევრები დაბადების დღეებს პარიზში იხდიან, მე კი ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის პურის ფული არ მაქვს, ‘’- ამბობს ახალია. ყოფილ პედაგოგს, გიორგი მაისურაძეს კი მიაჩნია, რომ სირცხვილია, ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს ქვეყანას, ლისაბონში მეძავების დასაქირავებლად და სასტუმროში გასართობად რომ ჩადის. ამ წუთებში იქ უკვე 3000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი.aqc1

14.00

რუსთაველის გამზირზე პირველი ინციდენტი დაფიქსირდა: ორმა ქალბატონმა აქციის მონაწილეებს კითხვით მიმართა, თუ სად შეიძლებოდა აეღოთ 20 ლარი, რომელსაც ''წარმომადგენლობითი სახლახო კრება'' ურიგებდა რუსთაველის გამზირზე მისულ ადამიანებს. საზოგადოების მხირდან ქალბატონების ქმედებას აგრესია მოჰყვა. საბოლოდ კი, საპატრულო პოლიციის ჩარევით, ინციდენტი ამოიწურა. ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' პრესსამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ საქინფორმს აცნობა, რომ შიდა ქართლიდან, კერძოდ კი სურამიდან, ხაშურიდან და გორიდან შეწყვეტილია სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. მოქალაქეები თბილისკენ საკუთარი მანქანებით მოემართებიან.

14.30

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე წუთის წინ რეგიონებიდან ჩამოსულ დელეგატთა პირველი ჯგუფი, დაახლოებით 500 კაცი, შეუერთდა. ესენი არიან ბათუმის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის, ლანჩხუთის, ქობულეთისა და ქედის წარმომადგენლები. სიღნაღიდან და ქუთაისიდან კი 300-მდე წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათ ''კრების'' საინიციატოვო ჯგუფის წევრი ირაკლი ბათიაშვილის შეეგება. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე 4 ათასამდე კაცია შეკრებილი.aqc4

15:15

ამ წუთებში პარლამენტის წინ ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' აქცია ოფიციალურად დაიწყო. კრება რეჟისორმა და მსახიობმა გოგი ქავთარაძემ გახნსა, რომელმაც მოუწოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჭანტურიას, რომ პირველ არხზე განახორციელოს აქციის პირდაპირი ტრანსლაცია. რუსთაველის გამზირზე კრებას ესწრება რუსთავის, მარნეულის, ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომის, ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლის, სენაკის, ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მოსახლეობა. ამ რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების რაოდენობამ 3 ათასს გადააჭარბა. რუსთაველის გამზირზე მივიდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც. ამ დროისთვის იქ იმყოფებიან ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ნინო ბურჯანაძე და მისი ოჯახის წევრები. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე 15 000 ადამიანზე მეტი იმყოფება.aqc3

15.30

ნინო ბურჯანაძე მსოფლიოს მოუწოდებს, დადგეს ქართველი ხალხის გვერდით

,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მსოფლიო თანამეგობრობას სთხოვს, დაეხმაროს ქართველ ხალხს ავტორიტარული რეჟიმისგან გათავისუფლებაში. ამასთან ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომასაც ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ საქინფორმთან საუბრისას გააკეთა. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, მისი პირადი მოსაზრება და მოთხოვნაა, სააკაშვილმა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, თუმცა ის თავის აზრს ''სახალხო კრების'' წევრებს თავს ვერ მოახვევს.

15.50

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან ''თბილისი მერიოტამდე'' ტერიტორია ხალხითაა სავსე

ხალხის ნაკადი მატულობს. ''კრების'' საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, რეგიონიდან ჩამოსული მხარდამჭერები თბილისის შემოსასვლელებში იმყოფებიან. იმ დელეგატების რეგისტრაცია კი, რომლებიც უკვე პარლამენტთან არიან, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რეგისტრაციის გავლის უფლება აქვთ იმ დელეგატებს, რომლებიც 35-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერას წარუდგენენ საორგანიზაციო ჯგუფს. დელეგატებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც 170 ადამიანის ხელმოწერაც კი აქვთ. როგორც სახალხო კრების ორგანიზატორები განმარტავენ, ეს ხელმოწერები მიუთითებს, რომ დელეგატებს სხვა მოქალაქეებისგან ნდობის მანდატი აქვთ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დელეგატებს სარეგისტრაციო ნომერი ეძლევათ, რომლითაც კენჭისყრაში მონაწილეობენ.

16.00

''სახალხო კრებამ'' საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდობლობა გამოუცხადა

პარლამენტის წინ შეკრებილმა ''სახალხო კრებამ'' 2010 წლის ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდობლობა გამოუცხადა. აღნიშნულ საკითხს, რომელიც ხალხის სამსჯავროზე მსახიობმა გოგი ქავთარაძემ გამოიტანა, დელეგატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. როგორც გოგი ქავთარაძემ განაცხადა, 2010 წლის ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილებები ბათილად გამოაცხადა ხალხმა, რადგან ისინი ხალხის ინტერესებს არ შეესაბამება, ამ ცვლილებების მიღებაზე ხალხისთვის აზრი არავის უკითხავს.

16.15

სახალხო კრებაზე კრების წესდება დაამტკიცეს

წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე უკვე დაამტკიცეს დღის წესრიგი, აირჩიეს ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. თითოეულ კომისიაში სახალხო კრების ასამდე მხარდამჭერია გაწევრებული. კრებამ მათ ერთხმად გამოუცხადა ნდობა. კრების მონაწილეებს, ასევე, დაურიგდათ სახალხო კრების წესდება, სადაც დაწერილია ის ნორმები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს სახალხო კრებამ. წესდებაში, ძირითადად, საუბარია ქვეყანაში სამართლის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებაზე, ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის შენარჩნუებით თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ. ასევე, საუბარია აფხაზ და ოს ხალხებთან ნდობის აღდგენის, სასამართლოს, მედიისა და ბიზნესის თავისუფლების შესახებ; თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე და სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე. წესდებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სახალხო კრება შედგება იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის აუცილებლობა ქვეყნის დღის წესრიგში დადგება და იხელმძღვანელებს აღნიშნული წესდებით. სახალხო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები კი მიიღება კრებაზე დელეგატთა ხმათა უმრავლესობით. სახალხო კრების მიერ არჩეულ სათათბიროში ორგანიზაციების ან ცალკეულ პირთა მიღების საკითხი გადაწყდება სათათბირო დარბაზის მონაწილე პირთა უმრავლესობით. ეს არის წესდება, რომელშიც, შესაძლოა, კრების დარსულების შემდეგ მცირეოდენი ცვლილებაც შევიდეს.

16.30

"წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ" სააკაშვილსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. პრეზიდენტისა და მთავრობის პირველი პირებისადმი უნდობლობის ვერდიქტი დღეს რუსთაველის გამზირზე მიიღეს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, "მიხეილ სააკაშვილმა შერყვნა პრეზიდენტის სამსახურის ღირსება და მისდამი ხალხის ნდობას ძირი გამოუთხარა". "საქართველოს ხალხი უშუალო დემოკრატიის მეშვეობით თავის თავზე იღებს პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილებას მისთვის უნდობლობის გამოცხადებით და ქვეყნის დაღუპვისგან გადასარჩენად იმ ძირითად დემოკრატიულ ღირებულებათა დასაცავად, რომელსაც ყოველი ღირსეული ერი ესწრაფვის და აღწევს კიდეც". რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს აღნიშნული ვერდიქტი "ქართული აკადემიის" წევრმა გია ბურჯანაძემ გააცნო. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ხალხმა აღნიშნულ ვერდიქტს მხარი დაუჭირა.

16.45

ირაკლი ბათიაშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, სახალხო დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ მმართველ რეჟიმს. როგორც ბათიაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ისინი შედეგს აუცილებლად მიიღებენ და ამისთვის მხოლოდ რამდენიმედღიანი ბრძოლაა დაჭირო. ბათიაშვილი იმედოვნებს, რომ ხალხი, ღვთის ნებით, გაიმარჯვებს.

16:50

სახალხო კრებამ მასობრივი დაუმორჩილებლობის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ამ წუთებში გახდა ცნობილი. ამ წინადადებით შეკრებილ საზოგადოებას მიმართა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს’’ ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ და ინიციატივას კენჭიც უყარეს. სახალხო დაუმორჩილებლობის იდეას ყველა ერთხმად დაეთანხმა. ამასთან, საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და არ შეწყდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.

17:10

დღევანდელი წარმომადგენლობითი სახალხო კრება დასრულდა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოება სახლებში მიდის.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია აქციებში საზოგადოების მეტი ნაწილის ჩართვა და აქტიურობა. ,,მას შემდეგ, რაც დელეგატები თავიანთი რაიონებიდან, ქვეყნის ყველა სოფლიდან ჩამოიყვანენ მოქალაქეებს, სააკაშვილს უკვე აღარ ექნება იმის რესურსი, ჩვენს მოთხოვნებს არ დასთანხმდეს,’’- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. ,,ჩვენ დღეს დავიშლებით და შემდეგი შეკრების თარიღს გაგაგებინებთ,’’ - განუცხადა აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას ირაკლი ბათიაშვილმა.