პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: „ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ყველა პლატფორმასა და ყველა ფორმატში აქტიურად და ინტენსიურად გაგრძელდება“

polit-3საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ აშშ-ის ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ერიკ ჰანი.
აშშ-ის ელჩთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მიმოვიხილეთ გასულ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობა, როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო მყარად ჩვენი მთავრობის, სამინისტროს პოზიცია, რომ ჩვენს ამერიკელ და ნატოელ  პარტნიორებთან თანამშრომლობა ყველა პლატფორმასა და ყველა ფორმატში აქტიურად და ინტენსიურად გაგრძელდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა თავდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრა დადებითად შეაფასა: „...ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი ცვლილება არ მოხდება და საქართველოს კურსი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“.