სამართალი
2013 წლის 18 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომლის მიერ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კვებით მომსახურებას ახორციელებდა შპს „ქართული კვების კომპანია“, რომლის დამფუძნებელი არის თავდაცვის სამინისტრო;
- სამხედრო მოსამსახურეებს სასადილოდან მიეწოდებოდათ მოხმარებისათვის უვარგისი, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით, ეშერიხია კოლით და აურეუსით დაბინძურებული საკვები პროდუქტი, რომლის მიღების შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად დაავადებას;
- აღნიშნულ სასადილოში და სასადილოს საცავებში არ იყო დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური, პერსონალის პირადი ჰიგიენის ნორმები (იხილეთ ვიდეო).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი ქმედებისათვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბრალი წარედგინებათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მედეა ბეთაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსს ოთარ ჯეჯეიას და შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერებს: აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას.