ქუთაისში ამ რამდენიმე დღის წინათ მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა და დააფიქრა _ 23 წლის ახალგაზრდამ, ალეკო ქობულაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იგი ჯაჭვის ხიდიდან რიონში გადახტა, რასაც ''სლოტკლუბის'' მიმართ მისი აზარტული დამოკიდებულებით ხსნიან.
ქუთათურთა დიდი უმრავლესობა კატეგორიულად წინააღმდეგია ქალაქში მსგავსი ტიპის კლუბების ფუნქციონირებისა და მათ გადატანას ქალაქგარეთ მოითხოვს:
"არ მომწონს ეს სოკოებივით სლოტკლუბები. ძალან ცუდია ასე მარტივად რომ შეუძლია ხალხს სლოტკლუბის გახსნა. ხომ შეიძლება ერთ კონკრეტულ მიკარგულ ადგილას გახსნან და იმდენი გზაააბნეული აღარ შევა სათამაშოდ".
"ქალაქში ეგეთი "პრიტონები" მართლაც უნდა იყოს აკრძალული; მარტო იმის გამო, რომ ახალგაზრდებს და ბავშვებს ითრევენ... აზარტში შედიან და მერე უკვე უკან დასახევი გზა არ აქვთ".
როგორც გარდაცვლილის ნაცნობები აცხადებენ, "ხელფასს რომ აიღებდა, 10 ლარს აძლევდა თანამშრომელს, სამგზავროდ შემინახეო, დანარჩენს აგებდა...
ერთხელ უთქვამს, სამი დღეა, მშიერი ვარ ამ თამაშის გადამკიდეო".
"დასანანია რომ ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ასეთ უაზრობას, რადგან გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება... უკიდურესობამდე მისული ადამიანი კი, სამწუხაროდ, გამოსავალს ვერ ხედავს".
ზოგიერთის აზრით, მსგავსი დაწესებულებების ლიზენციის ფასმაც უნდა აიწიოს და ასაკობრივი ზღვარიც დაწესდეს.