რედაქტორისგან
ქალბატონო ბესელია და ბატონო ბატონო უსუფაშვილო! თქვენ კოსმოსში გაფრინდით, თუ ქუთაისში გააფრინეთ?! - საქინფორმი განგაშს ტეხს

1-Obyazan-pol-3-red-3-mt2014 წლის 8 ოქტომბერს საქინფორმმა ღია წერილით მიმართა პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, თუმცა, მან პასუხის ღირსად არ ჩაგვთვალა. დღეს საქინფორმი განმეორებით მიმართავს ქალბატონ ბესელიას, ასევე - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს: ბატონებო, თქვენ კოსმოსში გაფრინდით თუ ქუთაისში გააფრინეთ? რატომ გახდით მიუწვდომელი არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ ქართული მედიისთვისაც?!

დღეს თქვენ გსურთ პარლამენტში გაათრიოთ კანონპროექტი - 2015 წლიდან პოლიტრეპრესირებულებს „ღირსეული კომპენსაცია“ დაუნიშნოთ, რის შემდეგაც მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამის ხარჯვით მუხლს შეიტანთ. ერთი შეხედვით, საქებარია, თუმცა, ეს აშკარა უსამართლობაა!

ევროკავშირი, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხანიდან საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევდა - პოლიტრეპრესირებულებისათვის ღირსეული კომპენაციები მიეცა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა ევროკავშირის რეკომენდაციას და ეს ბიუჯეტში აუცილებელი სახსრების არარსებობით ახსნა.

და რატომ არ გაითვალისწინა ევროკავშირის რეკომენდაციები ახალმა ხელისუფლებამ - 2012, 2013 და მიმდინარე 2014 წელს, როცა ხელისუფლების სათავეში უკვე „ქართული ოცნება“ იყო?! ამ წლების განმავლობაში ცოცხლად დარჩენილი პოლიტრეპრესირებულების 100 პროცენტი, ასევე, მათი ხანდაზმული შვილები ცნობების მისაღებად „კა-გე-ბე“-ს არქივში რიგებში იდგნენ და თავისი მათხოვრული პენსიებით დაიქირავეს ადვოკატები, სასამართლოებმა ისინი პოლიტრეპრესირებულებად აღიარეს და ფინანსთა სამინისტრომ მათ უკვე გადაუხადა გროშები - 50, 100, მაქსიმუმ 400 ლარი. მაშ ვინ მიიღებს მომავალი წლიდან ამ თქვენს „ღირსეულ კომპენსაციებს“?! თქვენ სპეციალურად ელოდებოდით, სანამ ყველა რეპრესირებული არ მიიღებდა სახელმწიფოსგან ამ გროშებს, დანარჩენები კი ბუნებრივი სიკვდილით დაიხოცებოდნენ?! და მხოლოდ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ გაითვალისწინეთ ევროკავშირის რეკომენდაციები?! როგორც ჩანს, ასეა... 

და თუ საქინფორმი ცდება, მაშინ პარლამენტი ვალდებულია სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო შესწორება, რათა გასულ წლებში სახელმწიფოსგან უკვე ამ მოწყალებამიღებულებმა 2015 წელს მიღებული გროშებისა და თქვენი პარლამენტის მიერ დადგენილი „ღირსეული კომპენსაციის“ თანხების განსხვავება მიიღონ!

ვნახოთ, როგორ აფასებთ ჩენს რეაბილიტირებულ ბებია-ბაბუებს, გასული საუკუნის 30-40-იან წლებში უდანაშაულოდ რომ დახოცეს, რათა დღეს ქალბატონი ბესელია და ბატონი უსუფაშვილი თბილ საპარლამენტო სავარძლებში მსხდარიყვნენ! ველით თქვენს პასუხს და, სასურველია, 2016 წლის არჩევნებამდე, რაზედაც, როგორც ჩანს, პოლიტრეპრესირებულების კომპენსაციებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების დახარჯვა გსურთ...

საქინფორმის რედაქცია
2014 წლის 3 ნოემბერი
საქართველო, თბილისი

1-Obyazan-pol-3-red-3-qv