გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს
საქართველო, 31 ოქტომბერი,
საქინფორმი. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი,
დავით შავლიაშვილია, კონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მცხოვრებ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ მიზნით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისგან შესაბამისი განაცხადების მიღება უახლოეს დღეებში დაიწყება და მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დასრულდება.
კომისიის წევრებმა ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის შესახებაც იმსჯელეს. აქტიურად მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირების პროცესი, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდე იგეგმება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად 2014 წელს მოეწყო ჭაბურღილები, გაიმართა საირიგაციო სისტემა, მოწესრიგდა ტირიფონა-სალთვისის არხი, აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 19 ახალი ამბულატორია. 2013-14 წლებში სრულად დაფინანსდა 471 სტუდენტი, 600-ზე მეტი მოსწავლე კი უფასო სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობს.