"სილქნეტი" თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველო, 30 ოქტომბერი,
საქინფორმი. კომპანია "სილქნეტი" თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"სილქნეტმა" 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის განხორციელების თაობაზე. „უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვაობა "სილქნეტის" მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასული კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი - 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი... ტენდერის ყველა ეტაპზე, "სილქნეტის" წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან", - აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ სილქნეტი მზად არის, მიაწოდოს გამოძიებას ნებისმიერი ინფორმაცია, რაც წაადგება საქმის ეფექტურად გამოძიებას. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა: გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.