აქტუალური
შემოსავლების სამსახურის შეტყობინებები პანიკის მიზეზი გახდა

shemosavlebis-samsaxრამდენიმე დღეა, შემოსავლების სამსახურის თბილისის სერვის-ცენტრებში ხალხმრავლობაა. მათ უმრავლესობას მიუვიდა შეტყობინება, რომ სხვადასხვა სახის დავალიანებები ჰქონდათ, მათ შორის აქციზი და საბაჟო გადასახადი. განცხადებაში მითითებული იყო, რომ პირი, ვისაც ეს შეტყობინება მიუვიდა, შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრში უნდა გამოცხადებულიყო და შედარების აქტი გაეკეთებინა. გამოუცხადებლობის ან გადაუხდელობის შემთხვევაში, დავალიანება აღიარებულად ჩაითვლებოდა და მოქალაქის მიმართ სანქციები გატარდებოდა. ასეთივე შეტყობინება მიუვიდათ პირებს, რომელთა შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია და მათ ქონების გადასახადს სთხოვენ. შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილე აღიარებს, რომ ეს ტექნიკური გაუგებრობა იყო და მოქალაქეებმა შეტყობინებების შინაარსი არასწორად აღიქვეს.
ვასილ გედევანიშვილის განმარტებით, შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ბარათების მოწესრიგება გადაწყვიტა და სწორედ ამიტომ მოქალაქეებს საგადასახადო ორგანოში გამოცხადება და საბუთების შედარება სთხოვა. გედევანიშვილი ამბობს, რომ ზოგიერთი მოქალაქე პანიკამ მოიცვა, თუმცა, ადგილზე საქმის გარკვევის შემდეგ, ვითარება განიმუხტა. რაც შეეხება ქონების გადასახადს, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დასძენს, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება მხოლოდ იმ პირებს ეხებოდათ, ვისაც ქონების გადასახადი გადახდილი არ ჰქონდა.