პოლიტიკა
ხვალ კანონგადახვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული

aqcia-xvalსაპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ 25 ნოემბერს, პარლამენტის წინ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
„აქედან გამომდინარე, ყველას ექნება საშუალება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერი კანონგადახვევის შემთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული,“ – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ, შესაძლოა, ხვალ პროვოკაციები მოაწყოს, რასაც უმრავლესობის წევრები კატეგორიულად უარყოფენ.
„არავითარ პროვიკაციას ხელისუფლება არ აპირებს. ხელისუფლება კონცენტრირებულია ძალიან ბევრ თემაზე და განსაკუთრებით 2 თემაზე: ეკონომიკური პროცესები ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის განმტკიცება, რათა რეალურად დაიძრას დეოკუპაციის პროცესი. ამ დროს ''სახალხო კრება'' რას გეგმავს და რას არა, ეს მისი საქმეა, მთავარია, კანონის ფარგლებში იყოს ყველაფერი,“– აღნიშნა საქინფორმთან საუბარში დავით დარჩიაშვილმა.
ხვალ პარლამენტის წინ „ქრისტიან-დემოკრატები“ აქციაზე არ მივლენ. ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის - ლევან ვეფხვაძის თქმით, ისევე, როგორც წინა აქციების დროს, არც ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა, თუ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზეა საუბარი, ამაში, სოლიდარულები არიან.
„თუ მოითხოვენ, კომბლებით გავყაროთ ხელისუფლება, ამაში სოლიდარულები ვერ ვიქნებით, იმიტომ, რომ არჩევნები არის ერთ-ერთი საშუალება ხელისუფლების შეცვლისა,“- აღნიშნა საქინფორმთან საუბარში ლევან ვეფხვაძემ.