შსს-ს განცხადება ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში დაპირისპირების ფაქტის შესახებ
საქართველო, 24 ოქტომბერი,
საქინფორმი. ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ერთ-ერთი შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. ადგილზე შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ სამუშაოებს აპროტესტებდა და კომპანიას საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდა.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფდნენ. შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს, ხოლო 3 პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მიმართ წინააღდეგობის გაწევა, ჩადენილი ჯგუფურად).