პრემიერი ღარიბაშვილი: „საბედნიეროდ, სამართალმა იზეიმა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო“
საქართველო, 24 ოქტომბერი,
საქინფორმი. ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ნავთლუღის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქმე გვქონდა მკვლელობებთან, წამებასთან, ადამიანების ტანჯვასთან, გაუპატიურებასთან და ა.შ. მინდა, შევახსენო იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სტრესს და ქაოსს თესენ საზოგადოებაში - ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმი და სისტემა, რომელიც ებრძოდა საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას ანგრევდა, წარსულს ჩაბარდა. ახლა არის დრო, გავარკვიოთ, პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ჩვენი ოპონენტები, თუ რჩებიან ამავე პოზიციაზე. თუ რჩებიან ამ მწამებლების და მკვლელების დამცველებად, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვაცხადოთ, რომ ასეთი ტიპის ოპონენტებთან საქმე არ გვექნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.