"თავისუფალი აზრის სახლი” საქართველოს ხელისუფლებას "მოსახლეობის მოტყუებაში" ადანაშაულებს
როგორც ორგანიზაციის დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ საქინფორმთან საუბრისას განაცხადა, 19 ნოემბერს ლისაბონში, ნატოს წევრი ქვეყნების სამიტზე, საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველო არაა ნატოს წევრი.
"სააკაშვილი მხოლოდ ავღანეთის მისიაში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების შეკრებაში მონაწილეობდა", - ირწმუნება ბაკურაძე.
იგი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებასაც ეხმაურება საქართველოსთან მიმართებაში და ქართულ მედიასაშუალებებს ამ განცხადების იგნორირებაში სდებს ბრალს. "ქართული მედიის ძირითადი ინტერესი საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრამ საფუძვლიანად დაიმსახურა, მაგრამ ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ხელისუფლებისთვის ძალზედ არასასიამოვნო ინფორმაცია, ბუნებრივია, სახელისუფლო მედიასაშუალებების მხრიდან არ გაჟღერებულა. საუბარი მაქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის, ჩვენი მეგობრის, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებაზე, რომელშიც მკაფიოდ და ყველანაირი შეფარვის გარეშეა ნათქვამი, რომ საქართველო კიდევ დიდხანს ვერ გაწევრდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, - აცხადებს ბაკურაძე, - ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას შევახსენებთ აბრაამ ლინკოლნის სიტყვებს: "შეიძლება, მოსახლეობის ნაწილი მოატყუო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მთელი მოსახლეობა - რაღაც დროის მანძილზე, მაგრამ შეუძლებელია მუდმივად ატყუო მთელი ქვეყანა".