აქტუალური
გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამ სატყეო უბანს აუქციონზე გაიტანენ

auqcioniდღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყით სარგებლობისთვის ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამი სატყეო უბანი არის გატანილი. კერძოდ, ლაპარაკია ჩოხატაურის, ლენტეხისა და ცაგერის რაიონების სატყეო უბნებზე. ჩოხატაურის რაიონში არსებული ხეტყის მოპოვების ლიცენზიის საწყისი გასაყიდი  ფასია 64 000, ლენტეხისა და ცაგერის - 155 000-155 000 ლარი. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 10 წელი. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორია უკანონო ტყითსარგებლობისგან, ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 12 თვისა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დასამტკიცებლად უნდა წარადგინოს  მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე  შედგენილი ტყით სარგებლობის გეგმა და ა.შ. გამარჯვებულად ლიცენზიის ის მაძიებელი ჩაითვლება, რომელიც აუქციონის პირობებს დააკმაყოფილებს და სახელმწიფოს ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს.