სამართალი
საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რფ-სთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ

1-BU-sam-2საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. 2014 წლის 13 ოქტომბერს აფხაზეთისა და სხვა საინფორმაციო წყაროების საიტებზე განთავსდა რუსეთის მხარის მიერ მომზადებული «რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების» პროექტი, რომელიც  განსახილველად დე-ფაქტო რეჟიმის ახალ ხელმძღვანელობას გადაეცა.

ორი წლის წინ საქართველოს მთავრობამ რუსეთს ნდობის აღდგენის მიზნით ახალი ორმხრივი დიალოგის ფორმატი შესთავაზა. ამ პოლიტიკის რეალიზაციამ პოზიტიური შედეგები მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენი აზრით, ეს პროცესი ასევე პოზიტიურ როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი რეალიზაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, მნიშვნელოვნად დააზიანებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.

ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება თავს შეიკავებს ამ ე.წ. ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება შეფასდება როგორც აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგებით.