სამართალი
თბილისში ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ბიზნესმენი ალექსანდრე მაშკევიჩი იმყოფება

1-unknown-sam-1საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. „ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი საქართველოში ინვესტიციების ჩადებას, სავარაუდოდ, ფარმაცეფტულ სფეროში გეგმავს. მან არაოფიციალური შეხვედრა ქართველ მინისტრებთან გამართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.
რესტორან „ფაეტონში“ გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ თავად მაშკევიჩს საქართველოში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. იქნება თუ  არა ჩხარტიშვილი იმ პროექტში ჩართული, რომელიც, შესაძლოა, მაშკევიჩმა საქართველოში განახორციელოს, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ცნობილია, ალექსანდრე მაშკევიჩი ბიძინა ივანიშვილის მეგობარია. იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი ჯანდაცვის სფეროში ინვესტირებით იყო დაინტერესებული, ყოფილმა პრემიერმაც არაერთხელ განაცხადა. იგი ყოფილი პრემიერის ინიციატივითვე შექმნილი თანაინვესტირების ფონდის ერ-ერთ დამფუძნებლადაც სახელდება.