სამართალი
შსს-ს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხებზე უბნის ინსპექტორების გადამზადება გრძელდება
1Akadem-samart-1საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს აკადემიაში ტრენინგი ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს სამეგრელოს და ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ. აღნიშნული ფართომასშტაბიანი ტრენინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის უკვე რამდენიმე თვეა ტარდება. ტრენინგების კურსი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით ხორციელდება და მას შსს აკადემიის პედაგოგები, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მართავენ. სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე. ტრენინგზე ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც მომხდარი შემთხვევების, ასევე თეორიული საკითხების საფუძვლიანი განხილვა. პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გადამზადებას გადიან, თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობა და სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დაევალებათ. მათ უფლებამოსილებაში ასევე შედის არა მარტო კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და მონაცემების ანალიზი. აღნიშნულ საქმიანობას შს მინისტრის ბრძანებით 2014 წელს შექმნილი „ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია“ გაუწევს კოორდინაციას.